ლევან კალანდაძე - რუსეთთან უფრო ხისტი პოზიცია არ გამოვიდოდა! ვთვლი, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება კომპრომისული ვარიანტია

მონეტიზაცია იყო გარდაუვალი. ფსიქოლოგიურად საზოგადოება მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დადგებოდა , - ამის შესახებ  ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა ლევან კალანდაძემ ”გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით მისთვისაც საინტერესოა ის დეტალები, რომელიც ამ ხელშეკრულებაშია ჩადებული, თუმცა ითვალისწინებს ასევე იმ რეალობას, რომელიც ასეთი ხელშეკრულებების დადებისას არსებობს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დეტალების განსაიდუმლოება, მხოლოდ ორივე მხარის კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

რაც შეეხება პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლას, ლევან კალანდაძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

”მე, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ თუ პარლამენტი მოისურვებს, რომ დახურულ ან ღია რეჟიმში ჰქონდეს მინისტრთან შეხვედრები. მთავრობა იმისთვის არსებობს, რომ მივიდეს და პარლამენტს გასცეს კითხვებზე პასუხი. ამის მზაობა რამდენადაც მე ვიცი, არსებობს და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ვფიქრობ, პარლამენტში განხილვის გამართვის არანაირი პრობლემა არ იქნება. ბუნებრივია, მე არ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ ”გაზპრომის” თემა, რაღაც პოლიტიკური ქულების დაწერის საგანი გახდეს. ეს თემა ძალიან სენსიტიურია და დაკავშირებულია არამხოლოდ საქართველოში გაზის გატარების საფასურის მიღებასთან, ზოგადად გაზის მომარაგების საკითხთან ან გაზის წლიური ბალანსის დაცვასთან, არამედ ეს არის თემა, რომელიც დაკავშირებულია ძალიან ბევრ, მათ შორის პოლიტიკურ და უსაფრთხოების თემებთან და ვფიქრობ, ანგაჟირებული, ნიშნის მოგებით საუბარი, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს ყველა დეტალი, უბრალოდ შეუძლებელია”, - განაცხადა ლევან კალანადაძემ.

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის აზრით, ”გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება, რეალურად ასახავს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებშია ჩამოყალიბებული.

”რუსეთი არის ოკუპანტი, საქართველოსთვის პირდაპირი მნიშვნელობით მტერი ქვეყანა, რომელსაც გარკვეული ინტერესები გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე, არ მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოს ისეთ პირობებზე დათანხმდება, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო იქნება. მონეტიზაცია იყო გარდაუვალი. ამ რეჟიმზე გადასვლა ადრე თუ გვიან, მოგვიწევდა. მსოფლიოში პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, სადაც გაზის ტრანზიტის საფასური ნატურით ანაზღაურდება. ფსიქოლოგიურად საზოგადოება მზად უნდა ვყოფილიყავით, რომ ადრე თუ გვიან, ეს საკითხი დადგებოდა. ყოველთვის არის საუბარი, რომ რუსეთთან უფრო ხისტი პოზიცია უნდა გვქონოდა - არ გამოვიდოდა! მე ვთვლი, ხელშეკრულება კომპრომისული ვარიანტია. არ არის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ რეალურია”, - აღნიშნა კალანდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს არანაირი უფლება არ აქვს, რომ სომხეთისთვის გაზის მიწოდების შემზღუდავ ფაქტორად გადაიქცეს.

”ჩასაფრებული პოზიციიდან საუბარი, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეების წინაშე არანაირი ვალდებულებები არ გაქვს, ვფიქრობ, არასწორია. ვგულისხმობ პოლიტიკურ ოპოზიციას. საქართველო ვერც გაზს გადაკეტავდა. საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის ენერგეტიკული ქარტიისა და WTO-ს პირობებით ჩვენ, მორალურზე რომ არაფერი ვთქვათ, არც იურიდიულად, არც სამართლებრივად და არც ეკონომიკურად, არანარირი უფლება არ გვქონდა სომხეთისთვის გაზის მიწოდების შემზღუდავ ფაქტორად გადავქცეულიყავით”, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ მიმართებაში რაციონალური ნაბიჯები გადადგა.

"გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები ძველი ინერციით მოქმედებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ“, -აღნიშნა კალაძემ.