დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან გაუფასურდა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ დოლარის კურსი მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან დაეცა.

„ბლუმბერგის“ მონაცემებით, დოლარის კურსი ექვსი ქვეყნის ვალუტის კალათთან მიმართებაში 0,16%-ით 101,01 პუნქტამდე დაეცა. დოლართან მიმართებაში 0.3%-ით გამყარდა ევრო, რომლის ფასმა 1.0680 შეადგინა. დოლარი ასევე დაეცა იენთან მიმართებაში და ერთი დოლარის ღირებულებამ 114,76 იენი შეადგინა.

ანალიტიკოსთა განცხადებით, დოლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯენეტ იელინის განცხადებაც. იელინის თქმით, მიზანშეწონილად მიაჩნია რეგულატორის პოლიტიკის ეტაპობრივად კორექტირება.