სიტყვიერად კი ამბობენ მსხვილი ბანკები, რომ საწყის ბიზნესს მხარს უჭერენ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებად რჩება

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" 35 წლის ნათია ნინიკელაშვილის ბიზნეს ისტორიას წარმოგიდგენთ.

„სულ მქონდა იმის განცდა, რომ „არავისშვილი“ ვიყავი. თელავში დავიბადე 1981 წელს. დავიბადე უმამოდ. იმ პერიოდში, მე როცა გავჩნდი, მამას სხვა ოჯახი ყავდა და დედა ჩემი მუცლად ყოფნის პერიოდში მიატოვა. წარმოგიდგენიათ, დედამ ეს ნაბიჯი რა პერიოდში გადადგა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვი გააჩინა. რამხელა სითამამე იყო ეს მისი მხრიდან! ამ გადაწყვეტილების გამო ძალიან დიდი დაპირისპირება ქონდა ოჯახთან და ნათესავებთან, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ჩემი გაჩენა.

დედამ თბილისში იმშობიარა და თავისმა ბიძაშვილმა შეიფარა, მის ოჯახში გამომიყვანეს სამშობიაროდან. ძალიან დიდი ხანი მისმა დედამ და ძმებმა ეს ნაბიჯი არ აპატიეს. მაგრამ მამამისი დაუდგა გვერდში. ახალი გამოსული იყო სამშობიაროდან, როცა ივანე პაპამ ჩამოაკითხა თბილისში, მოეხვია და თელავში წაიყვანა უკვე ჩემთან ერთად.

ტრადიციული გაგებით დედა-შვილური ურთიერთობა არასდროს გვქონია. უფრო მეგობრები ვიყავით და ვართ: პატრა რომ ვიყავი, მისგან ვსწავლობდი რაღაცეებს, როცა გავიზარდე, მეუბნება ახლა შენგან ვსწავლობ ბევრსო. სულ იმას მეუბნება, რა უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება უშენოდო. იცით რას ვგრძნობ დედისგან? თითქოს, ეს ნაბიჯი რომ გადადგა, რომ უმამოდ გავეჩინე, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა ჩემთვის და ვიღაცეებისთვის უნდოდა დაემტკიცებინა, რომ შვილის გაზრდა მარტოც შეიძლება. სწორედ ეს მაქსიმუმის მოცემა, რაც დედამ დიდი ძალისხმევით შეძლო, მე შევძელი და გამოვიყენე ასევე მაქსიმალურად, იმისთვის, რომ ის მეკეთებინა რაც მინდოდა და ვყოფილიყავი შემდგარი პიროვნება.

ჩემი ბიოლოგიური მამა ისე გარდაიცვალა, რომ მისი ხმაც არ გამიგია. ქალაქში მხვდებოდა, ვიცოდი რომ მამაჩემი იყო, მაგრამ არასდროს მაღიარებდა, არასდროს მოსულა ჩემთან. თუმცა უმამობას დიდად არასდროს განვიცდიდი, იმ მარტივი მიზეზით, რომ არ ვიცოდი არასდროს მამა რა ფენომენი იყო და შესაბამისად არ მქონდა ემოციური კავშირი მასთან. ალბათ მასთან ერთად რომ მეცხოვრა და მერე წასულიყო, უფრო ტრავმულად გამახსენდებოდა. ბიოლოგიური მამა როცა გარდაიცვალა, მაშინ კიდევ უფრო გავიაზრე ეს და ვიფიქრე, რა კარგია მამა რომ არ მყავდა, თორემ ალბათ როგორ ვინერვიულებდი-თქო. მე ერთით ნაკლებად ვინერვიულე მშობლის ამ ქვეყნიდან წასვლის გამო. ძალიან ვუყვარდი ბიძას, მამის ძმას, იმიტომ რომ ძალიან ვგავარ მამას. ახლაც კი მახსოვს იმ ტორტის გემო, თებერვალში, მე-5 დაბადების დღეზე რომ მომართვა: ცისფერი კრემი ქონდა და მარწყვის იყო ... მამაჩემის შვილებთან არ მქონდა კონტაქტი. მერე, როცა გავიზარდე, სოციალურ ქსელში მივწერე ჩემს ნახევარ დას და მას მერე ვმეგობრობთ. უი, ნახეთ, როგორ დაემთხვა, ახლაც ია მირეკავს!

ჩვენმა ყოფამ, ჩემი და დედას ურთიერთობამ მასწავლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ რაღაცის/ვიღაცის არ ქონა/არ ყოლა გამომეყენებინა შესაძლებლობად. ვფიქრობ, უმამოდ რომ არ გავზრდილიყავი ის არ ვიქნებოდი რაც ახლა ვარ, არ ვიქნებოდი სადაც ვარ. ვერც თბილისში ჩავაბარებდი სასაწავლებლად და არც ის მექნებოდა, რაც ახლა გამაჩნია. თბილისში რომ გადავწყვიტე ჩაბარება, დედაჩემმა მართლა არ იცოდა რითი უნდა მეცხოვრა როგორც სტუდენტს, მან უბრალოდ იცოდა, რომ მე უნდა მესწავლა თბილისში და არა თელავში. ჩემი ჩაბარების ისტორია ცალკე ამბავია. საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვაბარებდი ახლანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტში 1998 წელს. მათემატიკაში მივიღე უმაღლესი ქულა, ინგლისურში 9-იანი და ქართულში დამიწერეს ორიანი. ექვსიანიც რომ დაეწერათ უფასოზე ვხვდებოდი, არადა უფასოს ადგილები რა თქმა უნდა გაყიდული იყო ბუნებრივია ეს ნიშანი გავასაჩივრე. კი დამიწერეს ექვსიანი, ოღონდ იმ პირობით, რომ 600 დოლარი ქრთამი უნდა გადამეხადა. ასეთი აბიტურიენტი ორნი ვიყავით. იმ ბიჭის მშობლებმა კი მიიტანეს თანხა, მაგრამ მე არ მქონდა და ამიტომ მითხრეს, ჟურნალისტიკურზე ჩაგრიცხავთო. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ქართულში ორიანი დამიწერეს და ჟურნალისტიკურს მთავაზობდნენ. ძალიან კომიკური სიტუაცია იყო. უარი ვუთხარი და დროებით ენერგეტიკულზე ჩამრიცხეს იმ პირობით, რომ თუ პირველ სემესტრს ფრიადზე დავასრულებდი, ეკონომიკურ ფაკულტეტზე გადამიყვანდნენ. მომატყუეს. სამი სემესტრი დავხურე უმაღლესი ნიშნებით და კვლავ მოვთხოვე რამაზ ხუროძეს, მაშინდელ რექტორს ფაკულტეტის შეცვლა. ხუროძემ ასეთი რეზოლუცია დაადო ჩემს განცხადებას: „დააკმაყოფილეთ თუ საჭიროდ ჩათვლით“ და ამ „საჭიროდ ჩათვლა“-ში ჩემი მხრიდან კვლავ ფულის გადახდა იგულისხმებოდა. ეს იყო ჩემი პირველი ბრძოლა სისტემასთან. გაბრაზებულ გულზე დავწერე წერილი მაშინდელი პრეზიდენტის, შევარდნაძის სახელზე. წერილში ყველაფერი გულწრფელად მოვყევი, თუ როგორ მათამაშეს. 3 კვირაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოვიდა წერილი ერთი ასლი ჩემს მისამართზე, მეორე უნივერსიტეტის კანცელარიაში: „მომჩივანის მოთხოვნა დააკმაყოფილეთ“. პროფესორი ალეკო ცინცაძე იყო მაშინ, ვისზეც გადამისამართდა ეს წერილი. ეს კაცი ბოლომდე ჩემს მხარეს იყო. სწორედ მან მომნათლა პირველად, ეს „არავისშვილი“ პრეზიდენტამდე როგორ მიხვედიო. ხუროძე კი გაბრაზდა, მაგრამ 14 განსხვავებული საგანის წარმატებით ჩაბარების შემდეგ გადამიყვანეს და დავამთავრე ის ფაკულტეტი, რაც ყოველთვის მინდოდა.

სხვადასხვა ბანკებში 15 წლიანი მუშაობისა და ცოდნის დაგროვების შემდეგ გადავწყვიტე საკუთარი ბიზნესი დამეწყო. მინდოდა სოფლის მეურნეობის ხარისხიანი პროდუქცია მარტივად ყოფილიყო ხელმისაწვდომი ქალაქში მცხოვრები დაკავებული ადამიანებისთვის, საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის და გადავწყვიტე შემექმნა ონალინ გაყიდვების სერვისი soplidan.ge. მე და ჩემს პარტნიორს, ნინო მღებრიშვილს ამ იდეის განხორციელებაში ის დაგვეხმარა, რომ სანამ ვებგვერდი არ შევქმენით, კომპანია არ დავარეგისტრირეთ და შესაფუთი დაბრენდილი პარკებიც კი არ ვიყიდეთ, მანამდე არავის ვუთხარით. არც ქმრებს. იმიტომ რომ ვიცოდით, მაინც გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც გადაგვაფიქრებინებდა. ქალების იდეებს ხომ არავინ ენდობა და თავი ყველას „პროფესორი“ გონია.

2015 წელს გავიხსენით. თავიდან ორი სოფლის პროდუქცია გვკმაროდა, მერე გავფართოვდით, ახალი პარტნიორები შემოგვემატნენ და მომხმარებლის წრეც გაგვიფართოვდა. ჩვენი მომხმარებელი ის სეგმენტია, ვინც ხარისხს ანიჭებს უპირატესობას და დროის ეკონომიაზე აქვს გათვლა. საიტის მეშვეობით შეუძლიათ შეუკვეთონ პროდუქტი და მათ სახლში მიუვათ შეფუთული და ცინცხალი საკვები. მე და ჩემი ქმარი თანაბარი წილებით ვართ ბიზნესში წარმოდგენილი, ხოლო 50% -ის მფლობელი ჩემი მეგობრები, ახლა კი უკვე ჩემი პარტნიორები არიან. საიტზე პროდუქტი ზოგს ეძვირება, მაგრამ გასათვალისწინებელი ისაა, რომ სურსათს სოფლებში მცხოვრები ფერმერებისგან ვყიდულობთ და ამ ფასში სახლში მიტანის სერვისიც შედის და პროდუქციის ხარისხის გარანტიაც.

გულსატკენია, რომ საქართველოში სტარტაპი ბიზნესის განვითარების სტრატეგია არ არსებობს. სიტყვიერად კი ამბობენ მსხვილი ბანკები, რომ საწყის ბიზნესს მხარს უჭერენ, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებად რჩება. ამ რამდენიმე ხნის წინ 10, 000 ლარის აღება გვინდოდა, რომ საახალწლოდ საბრუნავი რესურსი გვქონოდა, რადგან ახალი წელი ჩვენთვის ბრუნვის ზრდას ნიშნავს, მაგრამ არც ერთმა ბანკმა არ მოგვცა. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკები, როცა დიდი ბიზნესები მიდიან გარკვეულ რისკებზე და სტარტაპებს აფინანსებენ. კი, შეიძლება გარკვეული თანხები დაკარგონ, მაგრამ გააზრებული აქვთ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას და შრომის ბაზარს მეტ შესაძლებლობებს მისცემს. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გადახედოს საწყისი ბიზნესების დაფინანსები საკითხს, რომ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს განვითარების საშუალება.“

© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან