„ბიუროკრატიული ფურცლომანია“ მერიაში, რომელიც ბიზნესს აფერხებს

ბიუროკრატიული ბარიერები, სამშენებლო ნებართვის გაცემის ვადებში გაჭიანურება - დეველოპერები უკვე წლებია ამ პრობლემებზე საუბრობენ.

როგორც, „ბიზნესპრესნიუსს“ სამშენებლო კომპანია „ათორის“ დამფუძნებელმა, ბესო თხელიძემ უთხრა, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცედურები სულ უფრო უარესდება. მისი განმარტებით, თითქმის ყოველ ნაბიჯზე ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდება და ვერ გაუგია თუ რატომ სჭირდება ამდენი დრო სამშენებლო ნებართვის მიღებას.

„მაგალითად, თუ სამი-ოთხი წლის წინ სამშენებლო ნებართვის აღებას 3-4 თვე სჭირდებოდა, ახლა წელიწადი ან მეტი გვჭირდება, მაშინ როცა თავად აშენებისთვის მხოლოდ 8 თვეა საჭირო,“ - აღნიშნავს თხელიძე.

მისივე თქმით, დაახლოებით, წელიწადზე მეტია მერიიდან ოთხი პროექტის ნებართვას ვერ იღებს.

„ახლა მაგალითად, ერთი ხის გადარგვის ნებართვას ხუთ თვეზე მეტია ველოდებით. მითხრეს: ხე გადასარგავად დიდია და უნდა მოიჭრასო. მოჭრის ნებართვაც მივიტანეთ, თუმცა, ექსპერტის დასკვნას ავტორიზაციისთვის მერიაში „პარტიზანი მებაღეების“ მონაწილეობით კომიტეტის შეკრება სჭირდება, რაც არ მომხდარა. შედეგად, კომპანია მნიშვნელოვან ზარალს იღებს. არსებული მონაცემებით ასიათასობით ზარალი მოგვადგა. გარკვეული წესები უნდა იყოს დადგენილი და უნდა არსებობდეს დათქმა ორივე მხარის მიერ, რომ ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ მერია ვალდებულია უარყოფითი ან დადებითი პასუხი კონკრეტულ ვადებში წარმოადგინოს,“ - აღნიშნა თხელიძემ.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კი ნებართვის გაცემის ერთ წლამდე ვადაში გაჭიანურებას გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ ვადები დაცულია. რაც შეეხება, ხის მოჭრა-გადარგვის თემაზე კომისიის შეკრებას, მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურში გვითხრეს, რომ კომისიის შეკრება საკადრო ცვლილებების გამო ვერ მოხდა.

„კომისიის შექმნის მიზანი იყო, რომ პროფესიონალებს მიეღოთ გადაწყვეტილება - რამდენად შესაძლებელი იყო ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადების დაკმაყოფილება. შემდეგ საკადრო ცვლილებები დაემთვა, რის გამოც კომისიას არ უმუშავია,“ -ამბობენ გამწვანების სამსახურში.

“ახალი საქართველოს” ლიდერი, არასამთავრობო ორგანიზაცია - „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი კი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ დეველოპერებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ არიან დაახლოებული, საჭირო ნებართვისა და დოკუმენტის მოსაპოვებლად ბევრი პრობლემა ექმნებათ და ე.წ. ბიუროკრატიულ ფურცლომანიას აწყდებიან.

„სამწუხაროდ, ბევრია ასეთი შემთხვევა და ასევე ბევრია განსახილველი საკითხიც. სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი შემიძლია გავიხსენო. მაგალითად, ერაყელი ბიზნესმენი გეგმავდა ვარკეთილში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული მოედნის (კომპლექსის) მშენებლობას. მერიაში 2 მილიონი ლარის გარანტიაც მიიტანა, რომ ინვესტიციას ჩადებდა. 2015 წლიდან დღემდე მერია ბიუროკრატიულ პრობლემებს უქმნის და დღემდე ვერ მიუღია პასუხი თუ რატომ არ აძლევენ მშენებლობის ნებართვას,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი დარგია, რომელიც მატერიალურ დოვლათს ქმნის ქვეყანაში. სექტორის წარმომადგენლები ჩივიან, რომ ნაცვლად იმისა, ბიზნესს, რომელიც ხალხსაც ასაქმებს და მილიონობით ლარიც შეაქვს ბიუჯეტში, ყველა უწყების მხრიდან ხელშეწყობა ჰქონდეს, პირიქით, ბიუროკრატიული პროცედურების გამო ხელი ეშლება.

სამშენებლო სფერო რომ ერთ-ერთი წამყვანია ქვეყნის ეკონომიკაში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებითაც დასტურდება. საქსტატის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მშენებლობის დარგის ბრუნვის მოცულობა გასული წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, 1 590.9 მილიონი ლარი იყო და მხოლოდ ვაჭრობისა და მრეწველობის დარგს ჩამორჩებოდა.

მშენებლობის დარგის პროდუქციის გამოშვების მიხედვით კი, რამაც 2016 წლის მესამე კვარტალში 1 684.7 მილიონი ლარი შეადგინა, მხოლოდ მრეწველობას ჩამორჩებოდა.

სამშენებლო სფერო ლიდერობს ასევე მიმდინარე ფასებში ეკონომიკის მთლიანი გამოშვების სტატისტიკაშიც. კერძოდ, 2016 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, ნაგებობათა საერთო მშენებლობამ და სამოქალაქო-საინჟინრო სამუშაოებმა 1 036.6 მილიონი ლარი შეადგინა და სხვა დარგებს შორის ლიდერი იყო. ცნობისთვის, 2015 წელს ეს მონაცემი 3 493.8 მილიონი ლარი იყო.

თაია არდოტელი