„15 თებერვლიდან აფხაზეთს შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს“

„თუ წყლის გამოყენებას ასეთი ტემპებით გავაგრძელებთ, თებერვლის შუა რიცხვებიდან წყალი აღარ იქნება და ელექტროენერგიის შესყიდვა რუსეთიდან მოგვიწევს" , - განაცხადა ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

ინფორმაციას ამის შესახებ, ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯვრის (ენგურჰესის) წყალსაცავში წყლის დონე 453 მ-ის ნიშნულზეა. შესაძლებელია დამატებით 35 მ-ის დამუშავება, რის შემდეგაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.

ხუბუას განმარტებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ძალიან მაღალია და მოხმარება დღეში 8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.

"ჩერნომორენერგოს" მთავარი ინჟინერის თემურ კაციას მტკიცებით კი, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, თებერვლის შუა რიცხვებიდან "ენგურჰესიდან" აფხაზეთის ენერგომომარაგება შეუძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის დადგმული სიმძლავრე 1 300 მგვტ-ია. ჰიდროელექტროსადგურის სამანქანო დარბაზი (ტურბინა-გენერატორი) ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს, ხოლო კაშხალი, რომელიც ქმნის წყალსაცავს - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 45%-ს (2016, 2015 წლის მონაცემებით) აფხაზეთი მოიხმარს.