აზარტული თამაშები - უზარმაზარი შემოსავალი ბიზნესს, მიზერული - სახელმწიფო ბიუჯეტს

სათამაშო ბიზნესში არსებული პრობლემები, დიდი მოგების ფონზე ბიუჯეტში გადახდილი მცირე თანხა, სოციალური პრობლემები, რომელსაც ეს ბიზნესი ქმნის, არაერთხელ გამხდარა "ბანკები და ფინანსების" პუბლიკაციების თემა. ფაქტია, რომ სფერო ჯერ კიდევ საკმაო რეგულირებას საჭიროებს. საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც გადასახადების გაორმაგება იგეგმება.

ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 15000 ლარიდან 30000 ლარის ჩათვლით, ხოლო ახალი კანონპროექტით, 20 000 ლარიდან 40 000 ლარამდე განისაზღვრება. თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 1500 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით. ცვლილებების მიხედვით კი, ეს ზღვარი 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე იზრდება.

ამასთან, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი 100 000 ლარიდან 120 000 ლარის ჩათვლით განისაზღვრება, ხოლო დღეს მოქმედი ნორმით, ეს ზღვარი 30 000 ლარიდან 60 ათას ლარამდეა. იზრდება მომგებიანი თამაშობის სალაროს განაკვეთიც. დღეს სალაროს მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1000 ლარიდან 15 000 ლარამდეა, ხოლო ცვლილებებით, 1500 ლარიდან 20 000 ლარამდე იზრდება.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონით, თითოეული კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 3 000 ლარიდან 10 000 ლარამდეა განსაზღვრული. ახალი კანონპროექტით კი, ეს ზღვარი 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ფარგლებში იქნება.

მნიშვნელოვანი იყო მოსაკრებლის ზრდა, ვინაიდან სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა თანდათან კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია საქართველოში სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდის ოფიციალური მონაცემებიც: 2011 წელი - 366 მილიონი ლარი, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2.032 მილიარდი ლარი, 2015 წლის სამი კვარტლის შეჯამებით, 1.353 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

სათამაშო ბიზნესი ონლაინ-სივრცეში ინაცვლებს

მართალია კაზინოებს გაეზარდათ მოსაკრებელი, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ, სათამაშო ბიზნესი ონლაინ-სივრცეში სულ უფრო აქტიურად ინაცვლებს. ამის შესახებ აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ. ონლაინ-აზარტული თამაშები კი კვლავ იმ რეალობას მორგებული კანონებით რეგულირდება, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც კომპიუტერი საქართველოში რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა. არადა, უკვე ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ონლაინ-თამაშებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები და არასრულწლოვნები, რომლებიც სხვისი პირადობის მოწმობის საფუძველზე თავისუფლად ახერხებენ ონლაინ-აზარტული თამაშების სივრცეში შეღწევას.

დღეს არსებული პრაქტიკით, ინტერნეტკაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას, დარეგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემებით, ან სხვა პირის მონაცემებით.

არ არსებობს წესები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო გარემოს შექმნას, სადაც კაზინოებს შეუძლიათ არასანდო მეთოდების გამოყენება, და სადაც მთავრობის გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდება. მაგალითად, ზოგი ინტერნეტკაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელით და პირადი ნომრით. თუმცა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. უფრო მეტიც, არანაირი კონტროლი არ არსებობს პრევენციისთვის, რომ ვინმემ ფიქტიური სახელი და პირადობის ნომერი გამოიყენოს. ასევე, არანაირი გადამოწმება არ ხორციელდება, როდესაც კლიენტი თანხას რიცხავს კაზინოს საკუთარ ანგარიშზე. უფრო მეტიც, თუ კლიენტი გადაწყეტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე გადარიცხოს თანხა, ვინაობის გადამოწმება არ ხდება.

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფო ახორციელებს აქტიურ კონტროლს, რომ ონლაინ კაზინოებში პირების რეგისტრაცია მოხდეს სტანდარტების დაცვით, რათა გამოირიცხოს ყალბი ან მისაკუთრებული მონაცემებით პირის დარეგისტრირება. ჩვენთან კი მსგავსი რამ არ არსებობს.

Pokerscout.com-ის მონაცემებით, adjarabet.com  მსოფლიოს 10 ყველაზე პოპულარულ პოკერრუმში შედის. 

საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ქართული ონლაინ-კაზინო adjarabet.com  მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პოკერრუმების ათეულში მოხვდა. Pokerscout.com 10 წელია ონლაინ პოკერრუმების სტატისტიკას და რეიტინგს აქვეყნებს. საიტის ინფორმაციით, adjarabet.com მსოფლიოში მერვე ყველაზე პოპულარული ონლაინ პოკერრუმია.

"ჩვენს საიტზე ახლა უფრო მეტი ხალხი თამაშობს, ვიდრე ერთი წლის წინ ზუსტად ამ დროს. ეს კი დღეს იშვიათობაა. გლობალური პოკერინდუსტრია წლიდან წლამდე პატარავდება და ამის ფონზე აჭარაბეთის შედეგი გამონაკლისია", - ამბობს adjarabet.com-ის პოკერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალისტერ აივსი.

მისი თქმით, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ქართველ მოთამაშეებს მიუძღვით, რომლებიც პოკერის ენთუზიასტები არიან.

"პოპულარობა adjarabet-ის გუნდის მუშაობის შედეგია, თუმცა უდიდესი წვლილი ქართველ მოთამაშეებს მიუძღვით. ისინი პოკერის ენთუზიასტები არიან. ჩვენ კი უმთავრეს მოვალეობად ვთვლით, ჩვენს მოთამაშეებს ეკოლოგიურად სუფთა საიტი და თამაშები შევთავაზოთ. ხანდახან ეს მოკლევადიან პერიოდში მოგებაზე უარის თქმას ნიშნავს, თუმცა სწორი მიმართულებით განვითარებისა და მოთამაშეებისთვის მეტის მისაცემად კეთდება", - ამბობს ალისტერ აივსი.

ამ რეიტინგიდანაც კარგად ჩანს თუ რამდენად აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ონლაი-აზარტულ თამაშებში. ფაქტია, რომ მოთამაშეების დიდ ნაწილს სწორედ ქართველები შეადგენენ და ეს თავად adjarabet.com-ის პოკერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც აღნიშნა.

აჭარაბეთი სომხეთში ოპერირებას იწყებს

საქართველოს შემდეგ, აჭარაბეთი თებერვლის შუა რიცხვებიდან სომხეთში ოპერირებასაც იწყებს. აჭარაბეთი სომეხ მომხმარებელს საშუალებას მისცემს, კომპანიის ყველა პროდუქტით ისარგებლოს. სომეხ მოთამაშეებს საშუალება ექნებათ, ეროვნულ ვალუტასთან ერთად, დოლარში ან ლარში ითამაშონ.

"ჩვენ ძალიან ადვილად დავაკმაყოფილეთ ის არცთუ მარტივი მოთხოვნები, რომლებიც სომხეთში ოპერირების ლიცენზიისთვის აუცილებელია", - აცხადებს აჭარაბეთის აღმასრულებელი დირექტორი კობა დავარაშვილი.

კობა დავარაშვილის განცხადებით, აჭარაბეთის უპირატესობა სომხურ ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიებთან შედარებით მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა. მისი თქმით, ქართულ ბაზარზე უკვე არაერთი პროდუქტია დამკვიდრებული, რომელიც სომხურ ბაზარზე ჯერ არც კი არსებობს.

"ჩვენ გადახდის საშუალებებში ვიქნებით ბევრად მოქნილები და მაღალტექნოლოგიურები. აჭარაბეთმა სომხეთის ფოსტასთან კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვით 400-მდე ფილიალი მოგვემსახურება და სომეხ მოთამაშეებს პრაქტიკულად ყოველ ორ ნაბიჯში ფულის შეტანა/გამოტანა შეეძლებათ. ბარათით ოპერირების შესასრულებლად სომხეთში მცხოვრებ მოთამაშეებს უნიკალურ შეთავაზებას გავუკეთებთ, რომელსაც სულ მალე გავახმოვანებთ. ჩვენი, როგორც ლიდერი ბრენდის ვალდებულებაა, ხალხს სიახლე შესთავაზოს და მუდამ პიონერის როლში იყოს", - ამბობს აჭარაბეთის აღმასრულებელი დირექტორი.

ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის

ნათლად ჩანს, თუ რამდენად დიდ მასშტაბებს იძენს ონლაინ აზარტული თამაშები და რამხელა შემოსავალი აქვთ ამ ბიზნესსუბიექტებს. ხოლო ამ ყველაფრის ფონზე ყველაზე ცუდი ის არის, რომ ისინი ბიუჯეტში მხოლოდ მიზერულ გადასახადებს იხდიან. საქართველოში დღესდღეობით ათამდე ონლაინ-კაზინოა. მათგან ოთხი (აჭარაბეთი, ევროპაბეთი, კრისტალბეთი და ლიდერბეთი) ყველაზე მსხვილი და შესაბამისად, მაღალბიუჯეტიანია. თუმცა ჩვენთვის უცნობია, როგორია ყოველწლიურად ონლაინ-კაზინოების მოგება და რა მაქსიმალურ თანხას აგებენ მოთამაშეები. ონლაინ თამაშების ორგანიზაციებისთვის დამატებითი გადასახადები არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ონლაინ-თამაშების ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკაში არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს და ონლაინ-თამაშებიდან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადები, პრაქტიკულად, არ შედის.

გარდა ამისა, ონლაინ-თამაშები სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FAtF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომელიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

კაზინოებისთვის მოსაკრებლის გაზრდის შემდგომ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იფიქროს ონლაინ აზარტული თამაშების რეგულირებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სფეროს რეგულირება, რათა აღმოიფხვრას ყველა ის სოციალური პრობლემა, რასაც ეს ბიზნესი აჩენს და ამავდროულად აუცილებლად დაუწესდეს შესაბამისი გადასახადები, რათა საკმაოდ გაზრდილი მოგების ფონზე ამ ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიუჯეტშიც გადაიხადონ შესაბამისი გადასახადი და არ იფიქრონ მხოლოდ საკუთარი "ჯიბის ზრდაზე".

გიორგი კაპანაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"