მოვაჭრეებმა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს

თბილისის მასშტაბით არსებული ბაზრების მოვაჭრეებმა დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეებთან შეხვედრისას გარევაჭრობის აკრძალვა მოითხოვეს. მოვაჭრეები აქციას თბილისის მერიასთან მართავდნენ, მოგვიანებით კი პრობლემის მოგვარების გზების განსახილველად, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოვაჭრე მზია ბუჩუაძემ განუცხადა, ზედამხედველობის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ.

„ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები შეგვპირდნენ, რომ გარემოვაჭრეების საკითხს ეტაპობრივად, უბნების მიხედვით მოაგვარებენ. 6 თვის წინაც ზუსტად იგივეს გვპირდებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით რეალურად არაფერი გაუკეთებიათ. თუ თვის ბოლომდე არაფერს მოიმოქმედებენ, ყველა ბაზრის წარმომადგენელი შევიკრიბებით და მასშტაბურ აქციას გავმართავთ მერიასთან“, - აღნიშნა მზია ბუჩუაძემ.

აქციის მონაწილე ზაქრო ნოზაძის თქმით კი, მერიამ ქალაქის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლების დაპირება მათ ჯერ 1 წლის წინ, შემდეგ კი 6 თვის წინ მისცა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა. ნოზაძე მერიას პრობლემის მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად ვადას თვის ბოლომდე აძლევს.