საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა

სასტუმრო ”თბილისი რუმსში” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა, სადაც პალატამ 2016 წლის ანგარიში წარადგინა. შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნეს.

ღონისძიებას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნეს-ასოციაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრის მიზანია ერთი მხრივ, საჯარო და კერძო პარტნიორობა, მეორე მხრივ, პალატის მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში და დაგეგმილი ღონისძიებები.

მისივე განმარტებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარადგენს ანგარიშს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით რა გაკეთდა 2016 წელს. ძირითადი აქცენტები შეეხება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საინფორმაციო ცენტრების გახსნის და ფუნქციონირების მიმართულებას, ასევე ისაუბრებენ, რა გეგმები და პრიორიტეტები ექნება წელს სავაჭრო-სამრეწველო პალატას.

”ეს პრიორიტეტები არის რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეებთან ღია დიალოგი, მათი პრობლემატიკის მოსმენა, მათთვის პალატის სერვისების მიწოდება, ასევე, ამ კუთხით თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების ეკონომიკური ატაშეების წარმომადგენლებთან, ასევე ევროინტეგრაციის სამინისტროსთან, დონორებთან და იმ ასოციაციებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან პალატის საბჭოში”, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, სავაჭრო - სამრეწველო პალატა დიდ საქმეს აკეთებს არა მხოლოდ თავისი პირველადი ფუნქციის გათვალისწინებით, არამედ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით.

”განსაკუთრებით აღვნიშნავდი მის წვლილს ჩვენი მოქალაქეებისთვის რეგიონებში, ბიზნესმენებისთვის ინფორმაციიის მიწოდების და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ერთობლივი ღონისძიებები გავაკეთოთ სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით”, - განაცახდა ვიქტორ დოლიძემ.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, პალატამ 2016 წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტი განახორციელა. განსაკუთრებული აქცენტი ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზეც გაკეთდა.

”წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა იყო ”ღია დიალოგი ბიზნესთან”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გუნდმა საქართველოს ყველა რეგიონში ბიზნეს-სექტორთან შეხვედრები გამართა და მათი პრობლემები მოისმინა. პრობლემატური საკითხების შეკრების შემდეგ, საჭიროებისამებრ გაიმართა განმეორებითი შეხვედრები სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. გარდა ამისა, პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა თბილისში, სადაც რეგიონებიდან ჩამოსულ 270 მეწარმეს საშუალება ჰქონდა პირდაპირი დიალოგის რეჟიმში საკუთარი პრობლემების შესახებ მთავრობის წარმომადგენლებთან ესაუბრათ.

DCFTA-ს შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დონორ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავა პროექტი და გახსნა DCFTA -ს საინფორმაციო ცენტრები საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, სიღნაღი), რომლებიც ამჯერად სატესტო რეჟიმში მუშაობენ”, - ნათქვამია სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაში.

დღესვე სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატასთან საპარტნიორო პროექტის ერთი წლის შედეგები წარადგინა.