ახალგაზრდებს შორის მიგრაციის ძლიერი სურვილია. ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში ”თაობა გარდამავალ პერიოდში” არის ნათქვამი. როგორც ფონდიდად იუწყებიან, ზოგადად, ყოველი მეორე რესპონდენტი - 59% აცხადებს, რომ ქვეყნის დატოვება არ აქვს განზრახული, ყოველი მეხუთეს, ანუ 21%-ის განცხადებით, მას ქვეყნის დატოვების ძლიერ სურვილი აქვს და 19%-ს საქართველოს დატოვება მეტ-ნაკლებად სურს. როგორც კვლევაშია ნათქვამი, მათი წილი, ვისაც ემიგრირება არ სურს, შედარებით უფროს რესპონდენტებსა და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებს შორისაა მაღალი.
კვლევის თანახმად, მათთვის, ვისაც ქვეყნიდან წასვლა სურს, ამერიკა და გერმანია დანიშნულების ყველაზე სასურველი ადგილებია, მათ შემდეგ პოზიციას რუსეთი და ესპანეთი იკავებენ.
რაც შეეხება მიგრაციის მამოტივირებელ ფაქტორებს, კვლევის მიხედვით 38%-ით ლიდერობს „ცხოვრების უკეთესი სტანდარტი“, რასაც 17%-ით „უკეთესი განათლების შესაძლებლობები“ მოჰყვება. მიგრაციის მამოტივირებელ ფაქტორებს შორის ასევე დასახელდა: დასაქმების უკეთესი შესაძლებლობა, საცხოვრებლად უკეთესი პირობები, საქართველოში არსებული არასახარბიელო სიტუაციიდან თავის დაღწევა, უფრო მეტი კულტურული მრავალფეროვნება, დამოუკიდებელი ცხოვრება, საკუთარი ბიზნესის დაწყების უკეთესი შესაძლებლობა და საყვარელ ადამიანთან ყოფნის შესაძლებლობა.
როგორც ფრიდრიხ ებერტის ფონდიდან იუწყებიან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა - 72%, ვისაც ემიგრირება სურს, ამისთვის ფაქტობრივად არაფერს აკეთებს და მხოლოდ მცირე ნაწილი - 14% სწავლობს უცხო ენას.
კვლევაში ”თაობა გარდამავალ პერიოდში” ნათქვამია, რომ ეროვნული მიგრაციის პარალელურად, კვლევა ქვეყნის შიგნით მობილობის საკითხების შესწავლასაც ისახავდა მიზნად.
”პატარა ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების უმრავლესობა განათლების მისაღებად გადადის უფრო დიდ ქალაქებში, უფრო ხშირად დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ოფიციალური მონაცემი იმათ შესახებ, ვინც თავიანთ პატარა ქალაქს ან სოფელს უბრუნდება, მათი რიცხვი ბევრად დაბალია. განათლებასთან ერთად, შრომითი მიგრაციაც ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც სულ უფრო მეტ შრომისუნარიან ადამიანს თბილისისკენ იზიდავს. ახალგაზრდების დაახლოებით 1/3-მა (31%) გამოთქვა საქართველოში სხვა ადგილას გადასვლის სურვილი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შიდა მობილობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი განათლების შესაძლებლობაა, ძირითადად საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილს გამოხატავდნენ რეგიონებში და განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდები. ზოგადად, ახალგაზრდები საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზად ყველაზე ხშირად ცხოვრების უკეთეს სტანდარტს ასახელებდნენ,” - ნათქვამია კვლევაში.