მარჯვენასაჭიან და ძველ ავტომობილებზე აქციზის ზრდა ბაზარს უკვე დაეტყო

ერთი თვეა, რაც ძველი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სააქციზო ფასი გაძვირდა.

ავტოიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აქციზის ზრდამ ბაზარზე ამ ტიპის მანქანები 15-20%-ით გააძვირა. ეს ის სეგმენტია, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე მოთხოვნადი იყო საქართველოს საავტომობილო ბაზარზე. აქამდე დაბალი ფასის გამო სწორედ 9 წელს ზემოთ ასაკის მანქანები იყიდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქართული ავტოპარკის 45% 11-დან 20 წლამდე მანქანებს უჭირავს. ხოლო ავტომობილების რიცხვი, რომელთა საექსპლოატაციო ვადა 20 წელზე მეტია, 45%-ს სცდება. ქვეყანაში სულ მილიონზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. როგორ იმოქმედა ერთი თვის წინ დაწყებულმა სააქციზო რეგულაციამ ავტომობილების ბაზარზე, ამ კითხვით „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ რუსთავის ფილიალის გაყიდვების მენეჯერს, ირაკლი გვასალიას მივმართეთ.

„ამ რეგულაციის ამოქმედებიდან ჯერ ერთი თვეც არაა გასული და ძნელია ბაზრის შეფასება ამ მიმართულებით, თუმცა ცალსახაა, მანქანები გაძვირდა. გაჩნდა რეალური სტიმული ჰიბრიდული მანქანების იმპორტის ზრდისთვის, რაც დადებითად წაადგება ჯერ ქვეყნის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას, შემდეგ მოძველებული ავტოპარკის განახლებას, რაც პირდაპირაა მიბმული ქვეყნაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მოძრაობის უსაფრთხოების ზრდაზე,“ - განაცხადა გვასალიამ.

მისივე განმარტებით, აქციზის ზრდა შეამცირებს მოთხოვნას მარჯვენასაჭიან და ძველ მანქანებზე. მათ კი, ვინც ამ ტიპის ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი, ალტერნატიული ბაზრის მოძიება მოუწევთ. ტერიტორიული სიახლოვის და ტრანსპორტირების ხარჯის სიმცირის გამო ავტოიმპორტიორები ევროპის საავტომობილო ბაზარს დაუბრუნდებიან. გაზრდილი მოთხოვნა მათ ამერიკის ბაზრის ათვისების შესაძლებლობასაც მისცემს. გვასალია განმარტავს, რომ აქამდე მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი ბევრად უსწრებდა მარცხენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს. ეს კი თავის მხრივ საგანგაშოდ ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რისკს.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აუცილებელია რაც შეიძლება შემცირდეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა. საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მარცხენასაჭიან მოძრაობაზეა გათვლილი. მომრავლებულია მარჯვენასაჭიანი ტაქსები და ხშირია შემთხვევა, როდესაც მოქალაქე ტაქსით მგზავრობისას მოძრაობის მხარეს ჯდება. ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. ამ დროს პირდაპირი საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს,“ - გვითხრა ირაკლი გვასალიამ.

განბაჟების ახალი წესის ამოქმედებით ფინანსთა სამინისტრო 45 მილიონი ლარის შემოსავალის მობილიზებას გეგმავს. გამართლდება თუ არა მათი მოლოდინი, ამას დრო გვიჩვენებს.

ბელა გელაშვილი