ზოგიერთ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი კიდევ გაძვირდა. კერძოდ, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასმა 1 ლიტრზე 10 თეთრით მოიმატა.
დღეის მდგომარეობით, „ეკო სუპერის“ მარკის ბენზინი 2.44 ლარი ღირს, მაშინ როცა თვის დასაწყისში 2.34 ლარი ღირდა; „ეკო პრემიუმის“ ღირებულებამ 2.19 ლარიდან 2.29-მდე მოიმატა; „ევრო რეგულარის“ საფასური დღეს 2.09 ლარია, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 1.99 ლარი ღირდა; „ეკო ევრო რეგულარის“ ფასი 2.09 ლარიდან 2.19 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება დიზელს, „ეკო დიზელი“ - 2.15 ლარიდან 2.25 ლარამდე, ხოლო „დიზელ ენერჯი“ 1.95-დან 2.05 ლარამდე გაძვირდა.
1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა; დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; გაზზე, 1000 კუბურ მეტრზე - 80-დან 200 ლარამდე.
ცნობისთვის, რამდენიმე ბრენდირებულ სადგურზე საწვავის ფასმა 2017 წლის დასაწყისშიც მოიმატა. ჯამში კი 15 ოქტომბრის შემდეგ საწვავი 29-53 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.