სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ფაქტობრივად ე.წ. ოქროს ბირჟაც სრულად განადგურდა. ოქროს მოვაჭრეებს ამ ეტაპზე ზარალის მოცულობაზე საუბარი უჭირთ და აღნიშნავენ, რომ ზოგ სავაჭრო ობიექტში მილიონობით ლარის პროდუქცია ინახებოდა, ზოგან კი პროდუქციის ღირებულება შედარებით ნაკლები იყო.
როგორც ძვირფასი ლითონების ექსპერტმა, ირმა მოსიაშვილმა აღნიშნა, რომელიც თავადაც „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობდა, ხანძრის შედეგად ფაქტობრივად ყველა მოვაჭრე დაზარალდა. თუმცა, მოვაჭრეთა ნაწილი ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა, გადარჩენილია.
მოსიაშვილი ჩვენთან საუბრისას იმაზეც საუბრობს, თუ რა დაემართა ძვირფასეულობას ხანძრის შედეგად, რა სახით იქნება ის ხანძრის შემდეგ და შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება.
„ხანძრის შედეგად არსებული ოქროს ნივთები მხოლოდ ჯართის სახით იქნება. თუ გაასუფთავებ, აფინაჟს გაუკეთებ და ნაგავს გამოდევნი მიიღებ უბრალოდ, ჯართს. მაგრამ ისეთი სიტუაციაა, თვითონ შენობა ინგრევა და რაღას იპოვი იქ,“- ამბობს მოსიაშვილი.
აფინაჟი მაღალი სიწმინდის კეთილშობილი ლითონების მიღების პროცესია, რომელიც კეთილშობილი ლითონების დაყოფისა და მათგან მინარევების გამოყოფის გზით ხორციელდება. აფინაჟის სამი მეთოდია ცნობილი: ელექტროლიზური, სველი და მშრალი. ელექტროლიზურ მეთოდს ძირითადად ოქროსა და ვერცხლის აფინაჟისთვის იყენებენ (კათოდზე დაილექება სუფთა ლითონი, მინარევი კი ლამის სახით გამოიყოფა). ელექტროლიზური მეთოდის გამოყენებისას ტექნოლოგიური პროცესი ნაკლებ ხარჯს მოითხოვს; ამასთანავე მიღებული ლითონი მაღალი სიწმინდისაა.
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსა“ და მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ღამით გაჩნდა. შედეგად „ბავშვთა სამყაროს“ შენობა მთლიანად განადგურებულია. დამწვარია ათეულობით მოვაჭრის სავაჭრო ინვენტარი და პროდუქცია. გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით უცნობია. მოვაჭრეების გათვლით, სავარაუდოდ, 100 ათასობით ლარის ზარალი მიადგათ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ვახტანგ ებიტაშვილის თქმით, კომპანიაში მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზებისა და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად.