ზურაბ გვასალია - დღეის მდგომარეობით 400-მდე სესხია გალარებული

დღეის მდგომარეობით 400-მდე სესხია გალარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განუცხადა, რომელიც დღეს კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს შეხვდა.

როგორც ზურაბ გვასალიამ აღნიშნა, გალარების პროგრამიდან არის ორი კვირა გასული და თვის ბოლომდე ეს სტატისტიკა ბევრად უფრო მაღალი იქნება. „დღეს იყო შეხვედრა, სადაც დაისვა საკითხები ეროვნულ ბანკთან, თუ რა პრობლემები დგას საბანკო სექტორთან და რამდენად შეუძლია ეროვნულ ბანკს ამაში ოპერატიული დახმარება გაუწიოს. პრობლემები დიდი ნამდვილად არ არის და ეროვნული ბანკის მზაობა, რომ საბანკო სისტემას დაეხმაროს ამ პროგრამის განხორციელებაში, საკმაოდ მაღალია. იყო ასევე საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ბევრად უფრო ხშირი უნდა იყოს, რათა ყველა ტექნიკური დეტალის ახსნა მოხდეს, რომ მოსახლეობას ხელი შევუწყოთ, ოპერატიულად და სწორად მიიღონ გადაწყვეტილება ამ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

მისივე თქმით, საბანკო სექტორის მხრიდან არის მზაობა, რომ მაქსიმალურად მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია. „ხანდახან არის შეცდომები რომელიმე ფილიალის, რომელიმე კრედიტოფიცრის დონეზე და მოსახლეობას ვურჩევ, რომ ამ შემთხვევაში თავად ბანკს მიმართონ ცხელ ხაზზე, ეს აუცილებლად მივა მენეჯმენტამდე და მენეჯმენტი მოახდენს ამის განხილვას“, - განაცხადა გვასალიამ.

მისივე თქმით, დღეის მონაცემებით უკვე ოთხასამდე სესხია გალარებული. „დარწმუნებული ვარ, ამ თვის ბოლომდე ეს სტატისტიკა ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვინაიდან ჯერ არის მოლოდინის, ფიქრის, გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმი. სწორედ აქ უნდა დავეხმაროთ და კარგად ავუხსნათ მოსახლეობას ტექნიკური დეტალები, თუ რატომ სჯობს, რომ როდესაც ლარში გაქვს შემოსავალი, შენი სესხიც ლარში იყოს“, - განაცხადა ზურაბ გვასალიამ.