გიორგი ჭილაძე - გალარების პროგრამა შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო

გალარების პროგრამა შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭილაძემ განუცხადა, რომელიც დღეს კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა გალარების პროგრამის მიმდინარეობას შეეხებოდა.

„გალარების პროგრამა შედარებით უფრო დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ამ პროგრამას მომხმარებლის მხრიდან გამოხმაურება ექნებოდა, რადგან მიგვაჩნია, რომ მომხმარებლისთვის, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში და სესხი უცხოურ ვალუტაში, რისკების დასაზღვევად ნამდვილად საუკეთესო შეთავაზებაა სესხის გალარება, მით უმეტეს, შეღავათიანი კურსით. ამიტომ გვგონია, რომ მოთხოვნა არის. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ რადგან ორთვიანი ფანჯარაა, შეიძლება მომხმარებელმა ბოლო მომენტამდე დაიცადოს და მერე მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა გიორგი ჭილაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას და იმას, რომ მოსახლეობას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია. როგორც ჭილაძემ აღნიშნა, პარასკევის მონაცემებით, საქართველოს ბანკში 210 სესხამდეა გალარებული, ჯამური ღირებულებით 7 მილიონ ლარამდე.

თავის მხრივ, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ვი-თი-ბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტექნიკურ დეტალებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დაჩქარება და გაუმჯობესება ამ პროცესების. „ბანკებში არის პრობლემა, რომ ნაკადები არ არის ისეთი, როგორსაც ველოდებოდით. სწორედ ამაზე იყო საუბარი, როგორ დაგვეჩქარებინა ეს პროცესი“, - განაცხადა არჩილ კონცელიძემ.

მისივე თქმით, ასევე საუბარი შეეხო იმას, რომ ბანკებმა უფრო ძლიერი მარკეტინგული კამპანია აწარმოონ და კლიენტებს უფრო აქტიური წინადადებები შესთავაზონ. კონცელიძის განცხადებით, „ვი-თი-ბი ბანკმა“ ყველას გაუგზავნა შესაბამისი მოკლეტექსტური შეტყრობინება და ასევე გეგმავს, რომ ყველას, ვისაც პოტენციურად ეხება აღნიშნული პროგრამა, დაურეკოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებები კი კიდევ გაუგზავნოს.

სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.