ირაკლი როსტომაშვილი - „მიშენებული ლოჯიების უმეტესობა საფრთხის შემცველია“
თბილისში, მრავალსართულიან კორპუსებზე მიშენებული ლოჯიები არავის უკვირს. ეს პროცესი წლების განმავლობაში უკონტროლოდ მიმდინარეობდა - მოქალაქეებს კითხვაც არ სჭირდებოდათ, ჰქონდათ თუ არა თავის კორპუსზე მიშენების უფლება. ამჟამად ამ საკითხს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური აკონტროლებს და უკანონო მიშენებების მიმართ საკმაოდ მკაცრი სანქციები ტარდება, რის გამოც მოსახლეობა ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას. მიშენებებთან დაკავშირებით თბილისში სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული, მაგალითად: პირველი კატეგორიის შენობებზე უკანონო მიშენება 8 ათასი ლარით ისჯება. ასევე არ შეიძლება მიშენება, ან დაშენება 50 წელს გადაცილებულ კორპუსებზე... როგორც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, სანქციები უნდა იყოს, „წინააღმდეგ შემთხვევაში თავის კორპუსს ყველა რაღაცას მიაშენებს და ქალაქი ბუნკერს, ან საერთო საცხოვრებელს დაემსგავსება“, - აცხადებს უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე:
„ჩვენს დედაქალაქში მიშენებები მართლაც რისკის შემცველია. ისინი ზოგ შემთხვევაში დიდ, ზოგ შემთხვევაში კი - შედარებით მცირე საფრთხეს შეიცავს. ამიტომ, ის ჯარიმები და სანქციები, რომელიც უკანონო მიშენებებზე ვრცელდება, გამართლებულია. ერთია ქალაქის იერსახის დამახინჯება, მაგრამ მთავარი მაინც ის რისკია, რომელიც კუსტარულ მშენებლობებს ახლავს“ - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ექსპერტის თქმით, მიშენებები ძირითადად ძველ, საბჭოთა ეპოქის დროინდელ შენობებზეა.
შოთა გუჯაბიძე: „მიშენებები და ბინების ამ გზით გაფართოება 1990-იან წლებში დაიწყო. რა თქმა უნდა, გაფართოების სურვილი ყველას გაუჩნდა და ხალხმა მასობრივად დაიწყო კორპუსებზე ლოჯიების მიშენება, ან დაშენება. ძალიან ბევრ ადგილას უზარმაზარი კონსტრუქციებია შეზრდილი ძველ, უკვე არსებულ ობიექტებთან. საკითხავია, რა ტექნოლოგიით ხდებოდა ეს, რა მასალას იყენებდნენ, ან რამდენად საიმედო იყო ეს მასალა. ანგარიშგასაწევია ის ფაქტორიც, რომ კორპუსი, რომელზეც მიშენება სურთ, ხშირად უკვე ამორტიზებულია. ამ შემთხვევაში მიშენება განსაკუთრებით საშიშია. ნებისმიერ ოჯახს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ შენობის ფასადი შეცვალოს, ან ბოლო სართულზე დააშენოს და გაფართოვდეს. როდესაც მიშენება კუსტარულია, რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ მერია ყველა უკანონო მიშენებას აჯარიმებს, რომლის შესახებაც მერიის არქიტექტურულ სამსახურს ინფორმაცია არა აქვს. ყველა უკანონო მიშენება თუ დაშენება დემონტაჟით, ან ფულადი სანქციებით ისჯება. სხვადასხვა შემთხვევაში სანქციების სიმკაცრე განსხვავებულია და ეს კარგია, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს - არ არის სასურველი თვითნებურად არქიტექტურული სამუშაოების ჩატარება“.
შოთა გუჯაბიძის აზრით, მიშენებული ლოჯია (ან სხვა რამ) ბინის ფასს ამცირებს:
- უძრავი ქონებით ვაჭრობისას ხშირად ვაწყდებით ასეთ პრობლემას: როგორ უნდა შეფასდეს იმ ბინის ფასი, რომელსაც მიშენება აქვს? ამ დროს უძრავი ქონების ექსპერტს მიშენებული ფართის ღირებულების განსაზღვრა ძალიან უჭირს. მიშენება ბინას აფართოებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი სახლის ფასიც და პრესტიჟიც ნაკლებია. რა თქმა უნდა, იქვე, ახალაშენებულ კორპუსში სრულიად სხვა ფასი ექნება 1 კვ.მეტრ ფართობს, ვიდრე იმ ბინაში, სადაც მიშენებული ფართია.
თანაც, მიშენება უმეტესწილად „ხრუშჩოვკებზე“ და ძველ კორპუსებზე გვხვდება, რომელთა უმეტესობა 50 წელს არის გადაცილებული. 50 წელი არ ნიშნავს, რომ ეს შენობა აუცილებლად დაინგრევა, რადგან ნორმალური ექსპლუატაციის და მოვლის შემთხვევაში მრავალსართულიანი კორპუსები უფრო დიდხანს ძლებს, მაგრამ ძველ კორპუსებს ასეთი მოვლა არ ჰქონია, ამიტომ, მათი უმრავლესობა ამორტიზებულია. შენობა ყოველთვის ექვემდებარება რესტავრაციას და რეაბილიტაციას და თუ არ ექვემდებარება, მაშინ მის ადგილზე რაღაც ახალი და უკეთესი უნდა აშენდეს.
როგორც ექსპერტი ამბობს, მიშენება, ან დაშენება ზოგჯერ სრულიად კანონიერი და მიღებულია. ასეთ დროს ბინის მეპატრონე მერიაში წარადგენს ფასადის ცვლილების პროექტს, მერიის არქიტექტურის სამსახურში განიხილავენ როგორც შენობის ესკიზურ მხარეს, ასევე სხვა სტანდარტულ დოკუმენტებს და თუ მისაღები იქნება, პროექტსაც დაამტკიცებენ და ფასადის ცვლილებაზე ნებართვასაც გასცემენ.
უფრო მწვავედ აფასებს სიტუაციას საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმღვანელი ირაკლი როსტომაშვილი:
- მე მიშენების და გადაკეთების მომხრე არც ადრე ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. მით უმეტეს, ადრეულ წლებში მიშენებული ლოჯიების 100 პროცენტი სახიფათოა. ხშირად ამ ლოჯიებში ხალხი ცხოვრობს და მათი გაფრთხილება აუცილებელია. ჩვენთან ნებისმიერ ცუდ ამბავს ხელისუფლებას აბრალებენ, ამიტომ მთავრობამ დროულად უნდა იზრუნოს და ეს ხალხი საქმის კურსში ჩააყენოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან უკანონოდ მიშენებული ლოჯიების ნგრევის პროცესი დაიწყება და ამას შეიძლება მსხვერპლიც მოჰყვეს. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მწვავე საკითხი, რაზეც არაერთხელ მითქვამს. უფრო მეტიც, ამ ლოჯიებს „ნელი მოქმედების ნაღმები“ დავარქვი. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს მიშენებები ძალიან შეუხედავი და უშნოა, რაც მთავარია, ისინი საშიშია.
ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ევროპის ქალაქებში ყოველგვარი მიშენება-დაშენება შენობის კაპიტალური გამაგრების მიზნით კეთდება, ჩვენთან კი - მხოლოდ გაფართოების მიზნით:
ირაკლი როსტომაშვილი - ყველა კონკრეტულ საკითხს ფაქიზი შესწავლა სჭირდება და ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. გააჩნია შენობას, მის ადგილ-მდებარეობას, რა ზონაშია, ხომ არ აუშნოებს ქალაქის იერსახეს... შეიძლება შენობა არ არის ძველ თბილისში და სადღაც, გარეუბანშია, მაგრამ მასზე მიშენება, ან დაშენება კონსტრუქციულად მაინც დაუშვებელია, რადგან ფუნდამენტი ვერ გაუძლებს. რამდენი შენობაც არის, იმდენი სხვადასხვა მიდგომაა საჭირო, მაგრამ მე რაც მინახავს, ყველა მიშენებული ლოჯია საშიშია. ისინი ამ სახლებს გვიან მიაშენეს, ამიტომ, ეს ორი სხვადასხვა სხეულია. შეიძლება მიშენება ყველა წესის და ნორმის დაცვით იყოს გაკეთებული, მაგრამ კორპუსი იყოს ძველი და ვერ გაუძლოს - ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.
ხათუნა ჩიგოგიძე