საქართველოში მშენებლობები სეისმომედეგობაზე არ მოწმდება. სპეციალისტები, მათ შორის, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც არ მალავენ, რომ შენობა-ნაგებობის უსაფრთხოება ამ თვალსაზრისით, მშენებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უწყება, რომელსაც სეისმურ უსაფრთხოებაზე კონტროლი ევალება, ქვეყანაში არ არსებობს.
დაახლოებით რამდენ ბალს გაუძლებს შენობა, სპეციალისტებს ცალსახა პასუხი არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ ახალ აშენებლი კორპუსების, დაახლოებით, 60% 8-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს.
ამჟამად მოქმედი კრიტერიუმების თანახმად, თბილისში მიწისძვრის 8 ბალიანი ზონაა დადგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მაღალ თუ დაბალსართულიანი ნაგებობის მშენებლობისას პოექტში 8 ბალიანი სეისმომედეგობა უნდა იყოს გათვალისწინებული.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსების მდგრადობის შემოწმება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს, შესაბამისად, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი შენობაა დედაქალაქში ისეთი, რომელიც დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მშენებლობის მდგრადობის უზრუნველყოფა და ხარისხის დაცვის საკითხი წარმოადგენს დამკვეთის პასუხისმგებლობას", - აცხადებენ მერიაში. აქედან გამომდინარე, სახლის ავარიულობის დადგენა მთლიანად მის მესაკუთრეზეა დამოკიდებული.
მერია მოქალაქეებს ნაწილობრივ დახმარებას მხოლოდ სახლის ავარიულობის დადგენისა და გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის წარდგენის შემთხვევაში სთავაზობს.
იმ შემთხვევაში, თუკი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები კორპუსის ავარიულობის საკითხს შეისწავლიან და პროექტს მერიაში მიიტანენ, სახლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მერიის თანადაფინანსებითაა შესაძლებელი.
სპეციალისტების შეფასებით, სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ საფრთხე ყოველდღიურად მატულობს. მათი უგულებელყოფა კი თვითმკვლელობის ტოლფასია.
ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე"-ს თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის თქმით, სეისმური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ზონებია მთიანი რეგიონები, სადაც ადრე ზღვარი 8 ბალიანი იყო და ახლა 9 ბალამდე ავიდა. საფრთხემ იმატა დედაქალაქშიც, სადაც ადრე ზღვარი 7 ბალი იყო, ახლა კი 8-მდე მოიმატა.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში აღმოჩნდა. 2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე მოკვდა. არადა, ქვეყანა, რომელიც სეისმურად საშიშ ზონაშია, იქ დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოების სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიაროს. ამ დროს საქართველოში ექსპერტიზის სამსახურიც კი გაუქმდა და ბოლო წლებში შენობები ყოველგვარი შემოწმების გარეშე შენდება", - აცხადებს საკანდელიძე და დასძენს, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თბილისში წარმობულ მშენებლობებზე დარღვეულია ტექნიკური პარამეტრები, არ არის გათვალისწინებული შენობების სეისმომდგრადობა, ანუ უგულებელყოფილია სამშენებლო ნორმები და წესები, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას, მის მზიდუნარიანობას, გამძლეობას, საიმედობას და ა.შ.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ 10-20 წლის წინ აშენებული შენობები რამდენიმე წელიწადში პრობლემებს გაუჩენს მობინადრეებს და დღეს დაფარული ხარვეზები თვალნათლივ გამოჩნდება.
განსაკუთრებით პრობლემაა ის, რომ დაინტერესებული სპეციალისტებისთვის მიმდინარე მშენებლობების ხარისხის შემოწმება მიუწვდომელია. საკრებულოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი მანუჩარ მაჩაიძე ამბობს, რომ მშენებლობები და პროექტების შემოწმება მან, როგორც თბილისის საკრებულოში მშენებლობის კომისიის ხელმძღვანელმა, 2005-06 წლებში მოახერხა.
"წლების წინ შედეგმა დაგვანახა, რომ მშენებლობები სეისმომედეგობაზე არ იყო გათვალისწინებული. რამდენადაც ვიცი, ახლაც ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ჩვენი კვლევის შემდეგ ბევრი სახლი დაიბზარა, საჩივრები დაგროვდა, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორების უსაფრთხოების თვალსაზრისით, არაფერი იცვლება.
ბოლო პერიოდშიც რამდენიმე შენობა ვნახე, რომელზეც ეჭვი შემეპარა, რომ არ იყო სეისმურ კრიტერიუმებზე გათვლილი, თუმცა ეს რომ ღიად განვაცხადო, უნდა შევისწავლოთ პროექტები, რის საშუალებაც არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, საკრებულოს წევრებსაც არ გვაქვს.
როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, ყველაფერი გააუქმა - ხარისხის შემსწავლელი ორგანიზაციაც, მშენებლობის სამინისტრო და ყველა სხვა უწყება, ვისაც კი მშენებლობებზე კონტროლი ევალებოდა. ნაციონალები აცხადებდნენ, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ვალდებულება და ამ დაწესებულებების არსებობა კორუფციის საფრთხეს ქმნის. საბოლოოდ, თვითონ აღმოჩნდნენ კორუმპირებული. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, პატარა მიწისძვრაზეც რა მოხდება, ღმერთმა უწყის. მაღალი რისკის ქვეშ ვართ", - აცხადებს მაჩაიძე.
ის, რომ სამშენებლო სექტორს სეისმოლოგიურ მდგრადობაზე არავინ ამოწმებს და სფერო კონტროლს მიღმაა, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენელთა გაკვირვებას იწვევს. კომპანია "ორბის" წარმომადგენელი ვაჟა ნავროზაშვილი აცხადებს, რომ ახალი შენობების 50-60% სეისმომედეგობის ტესტს ვერ გაივლის, რადგან მშენებლობისას უხარისხო მასალებს იყენებს.
"მთავარი პრობლემა, გარდა იმისა, რომ სამშენებლო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებაცაა. მშენებლები იყენებენ უხარისხო არმატურას და დაბალი მარკის ბეტონს, რაც უნდა უზრუნველყოფდეს შენობის სეისმომედეგობას. არის შემთხვევები, როცა 200-300 მარკის ბეტონის ნაცვლად, 150-ს არ სცილდებოდა მათი სიმტკიცე და ნახევარი თბილისი ასეა აშენებული", - ამბობს ვაჟა ნავროზაშვილი და დასძენს, რომ ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგიერთ უცხოურ კომპანიასაც, რომელიც აქ მოქმედი სამშენებლო ნორმებით და კანონებით სარგებლობს.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"