რატომ დაიწვა “ ბავშვთა სამყარო “ ასე სწრაფად - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება „სასინჯი კონტროლი“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, სავაჭრო ცენტრის შენობა ბენზინითა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებებით იყო სავსე. შენობაში მხოლოდ 100-150 ლიტრი ბენზინი ინახებოდა.
„ბიზნესპრესნიუსი“„სასინჯი კონტროლის“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ოფიციალური წყაროების ცნობით, ხანძარი შენობის უკანა მხარეს განთავსებულ ბაზრობაზე წარმოიშვა, შემდეგ მის შიგნით გადავიდა და ხანძარმა უსწრაფესად მოიცვა უზარმაზარი ფართობი. გაჟღერდა მრავალი ვერსია, მათ შორის-თითქოს ხანძარი განძრახ, სპეციალურად გააჩინეს... ვინაიდან იგი ასე სწრაფად განვითარდა ე.ი. იყო მასზე ზემოქმედება და ა.შ. ნებისმიერი ვერსია რჩება ვერსიად და სხვა არაფრად თუ იგი ობიექტური არგუმენტებით გაჯერებული არ იქნება.
„ობიექტურობა კი შემდეგშია: ”ბავშვთა სამყაროში” ორი ძვირფასი ლითონების ნაწარმის სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებდა - ე.წ. ოქროს ბირჟა, სადაც დაკავებული იყო 500-მდე მეწარმე სუბიექტი (ე.წ. დილერი) და 50-მდე ოქრომჭედელი. ნებისმიერი ოქრომჭედელი ოქროს დნობის პროცესის განსახორციელებლად იყენებს “ფუსფუსას”, რომელიც ბენზინისა და ჰაერის ნარევით წარმოქმნილი ალის ნაკადით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ყველა ოქრომჭედელს სამუშაო ადგილზე 2-3 ლიტრი ბენზინი უდევს. ე.ი. საერთო მასშტაბით 100-150 ლიტრი ძლიერ აალებადი და ფეთქებადი ნივთიერება.
„გარდა ამისა, მუშაობის პროცესში ისინი ორგანულ გამხსნელებს იყენებენ, რომელიც ასევე ძლიერ აალებადია. ოქროს რაფინირებისათვის ე.წ. “ტრავკის” ოპერაციის განსახორციელებლად, როდესაც ჯართიდან იღებენ მაღალი სინჯის ოქროს, ასევე ფეთქებად საშუალებას - გაზის ბალონებს იყენებენ. „ამასთან, შენობის ზედა სართულზე ჩემი ინფორმაციით, (თუ არ ვცდები) ავეჯის რესტავრაციაც ხორციელდებოდა, სადაც ლაკს და სხვა ორგანულ, ადვილად აალებად ნივთიერებებს იყენებენ.
„ოქრომჭედლები შენობაში შემდეგნაირად იყვნენ განლაგებულნი - ერთი მცირე ჯგუფი 0-სართულზე, შემდგომ 10-მდე მეწარმე 1-ლ სართულზე უკანა მხარეს, 30 კაცამდე განლაგებული იყო დიდი დარბაზის ზედა ნაწილში და მცირე ჯგუფი კიბის უჯრედის ფლიგელში. ანუ შენობის მთლიანი ფართის პერიმეტრზე და ცენტრში ეწყო ბენზინი და სხვა ფეთქებადი ნივთიერებები. აი, ასეთ “ნაღმებით” გაჯერებულ შენობაში, ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, განთავსებული ჰყავდათ 2 000-მდე მეწარმე სუბიექტი,“-ნათქვამია „სასინჯი კონტროლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.