Apple-ი რეკორდული შემოსავლების შესახებ იუწყება

ამერიკული კომპანია Apple-ი კვარტალურ მონაცემებს ასაჯაროებს და არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი შემოსავლების შესახებ იუწყება, რომლის თანახმად, კომპანიის შემოსავლებმა გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში 78,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანიის ხელმძღვანელის, ტიმ კუკის განცხადებით, ფინანსური წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ რეკორდული რაოდენობის iPhone გაყიდა. ამ პერიოდში კომპანიამ 78,29 მილიონი სმარტფონის რეალიზება მოახერხა. 2015 წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 74,78 მილიონი იყო. iPhone-ზე კომპანიის შემოსავლების 2/3 მოდის, ამას კი ხელი შეუწყო გასული წლის სექტემბერში ბაზარზე სმარტფონების ახალი თაობის iPhone 7 და iPhone 7 Plus -ის გამოჩენამ.

კომპანიის მონაცემებით, ასევე რეკორდული იყო Mac-ის კომპიუტერებიდან და „ჭკვიანი საათების“ - Apple Watch-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი.

ამ მონაცემების გასაჯაროებიდან რამდენიმე საათში კომპანიის აქციებზე ფასები 3%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სამი კვარტლის მონაცემებით, კომპანიის შემოსავლები ეცემოდა, ჩინური კომპანიების მხრიდან მაღალი კონკურენციისა და ზოგადად, ჩინეთში apple-ის

პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების ფონზე. 2016 წლის აპრილში Apple-მა პირველად 2003 წლის შემდეგ შემოსავლების კლების შესახებ გამოაცხადა.

კოკა კვირკველია