ქეთევან ბოჭორიშვილი - 2016 წელს ტურიზმის სფეროში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა

2016 წელს ტურიზმის სფეროში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა , სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის კერძო სექტორსა და მედიას 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

როგორც ქეთევან ბოჭორიშვილმა აღნიშნა, 2016 წელს საქართველოს დაახლოებით, 6 400 000 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ასევე ტურისტების რაოდენობა თითქმის 20%-ით გაიზარდა.

„2016 წელს ტურიზმის სფეროში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საქართველოს ეწვია დაახლოებით, 6 400 000 საერთაშორისო ვიზიტორი. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების ზრდა, რომლებმაც 24 საათზე მეტხანს დაყვეს საქართველოში, 20%-ია. ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება მიზნობრივად დაგეგმილი ღონისძიებები, რათა გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია. ასევე ხორციელდება სხვა დამატებითი აქტივობები, რაც ეხება ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ფრენების შემოყვანას, ინფრასტრუქტურას და ა.შ. ჩვენი გეგმა 2025 წელს არის ის, რომ მივიღოთ 11 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თითოეული ვიზიტორის შემოსვლა ეს არის დამატებითი შემოსავალი ქართულ ოჯახებში, ახალი სამუშაო ადგილები.

მან ასევე გამოყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2 პროექტი - „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს სასტუმროების ბიზნესის განვითარებას და „გადაიღე საქართველოში“, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც კინოგადასაღებ ლოკაციად წარმოჩინებაა.

მისივე თქმით, „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 17 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი, მათ შორის, რამდენიმე ბრენდული სასტუმროა.

2016 წლის ანგარიშის წარდგენას ტურისტული ავიაკომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.