”ბილაინის” გენერალური დირექტორი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ძალიან მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მომსახურება მიიღონ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღონ ძალიან მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მომსახურება, - ამის შესახებ კომპანია ”ბილაინის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა  განაცხადა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ”ბილაინი” ტენდერში მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებს.

”კონსოლიდირებულ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ”ბილაინმა” შეიტანა. მხოლოდ ”ბილაინი” აღმოჩნდა დაინტერესებული სახელმწიფოს გაუწიოს ის მომსახურება, რა პირობებიც ტენდერშია. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ ასეთი რეალობა დაფიქსირდა. ძალიან გვიხარია, რომ სახელმწიფოს გავუწევთ საუკეთესო მომსახურებას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მიიღონ ძალიან მაღალი ხარისხის, კვალიფიციური მომსახურება. თუ საჭიროა, დამატებითი რესურსების მობილიზებასაც მოვახდენთ. თუ საჭირო გახდა, ინვესტიციასაც გავაკეთებთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სახელმწიფომ მიიღოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის მომსახურება”, - განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, „ბილაინი“ სახელმწიფო სტრუქტურების კორპორაციული მომსახურების მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, რასთან დაკავშირებითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილით მიმართა, კერძოდ კი საუბარია, მთელი საქართველოს მასშტაბით, მესამე თაობის - 3G მომსახურებაზე, რასაც „ბილაინი“ ამ ეტაპზე ვერ ახორციელებს, კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, ტენდერის პირობებით არ არის მოთხოვნილი, რომ მესამე, თუ მეოთხე თაობის მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით იყოს. მისივე ინფორმაციით, არცერთ კომპანიას - ”ბილაინს”, ”მაგთიკომსა” და ”ჯეოსელს” მესამე თაობის მომსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს. ტყეშელაშვილის თქმით, ტენდერში ეს პირობა რომ იყოს, მას ვერავინ დააკმაყოფილებდა.

”წინა წლებში ჩვენ არ ვღებულობდით კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობას, რადგან 3G ლიცენზია არ გვქონდა. დეკემბრის ბოლოს, აუქციონზე, დაახლოებით 16 მილიონ ლარად შევიძინეთ 3G ლიცენზია, შემდეგ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის მობილიზება გავაკეთეთ, რომ 3G ქსელი გვქონოდა. შესაბამისად, დღეს ტენდერში რა პირობაც არის გამოცხადებული, ყველა პირობას ვაკმაყოფილებთ. მათ შორის, დამატებით, ”ბლექბერისთანაც” გავაფორმეთ ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე პუნქტი რომ ვერ დაგვეკმაყოფილებინა, ტენდერში არ მივიღებდით მონაწილეობას”, - განაცხადა გიორგი ტყეშელაშვილმა.