გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა

გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდა. მგზავრობის ფასმა მოიმატა როგორც ქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებზე. მძღოლები მგზავრობის ფასის გაზრდას საწვავის გაძვირებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ბენზინსა და დიზელზე ფასის მატების პირობებში მგზავრების ძველი ტარიფით გადაყვანა აზრს კარგავს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი განმარტავს, ტრანსპორტირების სექტორი კერძო მფლობელობაშია და გამგეობა აღნიშნულ საკითხში ჩარევას ვერ შეძლებს.

„სამწუხაროდ, საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს გამგეობის მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, არაერთ პრობლემას ქმნის და ამას თავად მძღოლებიც აღნიშნავენ. გარდა ამისა, გვქონდა სურვილი და მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობის შემთხვევაში, გარკვეულ შეღავათებს დავაწესებდით პედაგოგების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სხვა კატეგორიის მგზავრების გადაადგილებისთვის, თუმცა, ჯერჯერობით, ეს სექტორი მთლიანად კერძო მფლობელების ხელშია და მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩარევას ვერ შეძლებს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

საზოგადოებრივ ტრასპორტზე მგზავრობის საფასურის გაძვირებას მოსახლეობა უარყოფითად აფასებს და ხელისუფლებას ზომების მიღებას სთხოვს.