გამოკითხული ოჯახების უმრავლესობა (58%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში რომელიმე ჯგუფის სურსათის ნაკლებობა განიცადეს , - ამის შესახებ OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ”საქართველოში კვების ეროვნული კვლევა” არის ნათქვამი. კვლევა 2016 წლის მონაცემებს მოიცავს. კვლევის მიხედვით, საქართველოში საკმაოდ ხშირია ხორცის დეფიციტი. საკვები პროდუქტების დეფიციტის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე პერიოდია ზამთრის მეორე ნახევარი და გაზაფხულის პირველი ორი თვე: ”სურსათის ნაკლებობის მთავარი მიზეზი ეკონომიკურია. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეულის და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით, რკინით და A ვიტამინით. მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში და წარმოადგენს 33-34%-ს,” - ნათქვამია კვლევაში.
OXFAM-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში შინ ყველაზე ხშირად სამ კერძს მიირთმევენ. ესენია - შემწვარი კარტოფილი, ლობიო და აჯაფსანდალი. აღსანიშნავია, რომ არცერთი ზემოთ აღნიშნული კერძი არ არის ხორციანი.
კვლევის მიხედვით, კვების მრავალფეროვნების დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია, 4 ჯგუფის საკვებს მოიხმარს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ როდესაც, ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის ჯგუფი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. მარტოხელა პენსიონრების ოჯახებში რკინით მდიდარი პროდუქტების მოხმარება საკმაოდ დაბალია და 24%-ს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი 575 ლარს შეადგენს და თითქმის ნახევარი, 270 ლარი თვეში საკვებზე იხარჯება. დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებ პროდუქტებზე თავისი შემოსავლის (219 ლარი) 65%-ს 142 ლარს ხარჯავენ, ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები შემოსავლის (1421 ლარი) მხოლოდ 35%-ს, 492 ლარს ხარჯავენ საკვებ პროდუქტებზე.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოჯახების დიდი რაოდენობა საქართველოში დროდადრო კრედიტით ყიდულობს საკვებ პროდუქტებს. გამოკვლეული ოჯახების ნახევარზე მეტის ყოველთვიური ხარჯები შარშანდელ წელთან შედარებით გაიზარდა და უმეტესობის შემოსავალი იგივე დარჩა. კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად.
OXFAM-ის ინფორმაციით, კვლევა 2015 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა. რაოდენობრივი კვლევის საველე სამუშაოები 2015 წლის ივლისსა და აგვისტოში შესრულდა, ხოლო შემდგომი ხარისხობრივი კვლევა 2015 წლის სექტემბერში. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ საქართველოში მაცხოვრებელ ოჯახებთან ჩატარდა.