ხადურის ქონება მინისტრობამდე და მინისტრობის შემდეგ

საჯარო მოხელეების ქონებრივი მდგომარეობა ხშირად ხდება განსჯის საგანი. მით უფრო, თუ პირი საჯარო სამსახურში მოკრძალებული ქონებრივი მდგომარეობით მოდის, ხოლო თანამდებობიდან მოკლე ხანში აღმოჩნდება, რომ წარმატებულ ბიზნესს ან შთამბეჭდავი რაოდენობის უძრავ თუ მოძრავ ქონებას ფლობს. დეკლარაციის შევსების ვალდებულება თანამდებობიდან წასულ პირებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებათ, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დროდადრო გადავხედოთ მათ შემოსავლებს, ვინც საჯარო სამსახური დატოვა ან სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლა.

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, 2016 წლის დეკემბერში კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მინისტრის თანამდებობა კი გასული წლის 27 ნოემბერს დატოვა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებით დატოვა მინისტრის პოსტი ხადურმა.

2016 წლის 17 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ხადურის შემოსავალი წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 75 000 ლარი იყო. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ფლობს თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში, 110 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა Nissan Tiida.

დეკლარაციის შევსების მომენტში, ნოდარ ხადურს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე -5 000 ლარი, ხოლო ანაბარზე - 27 652.97 დოლარი; „რესპუბლიკა ბანკის“ სახელფასოზე - 1 620 ლარი; „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე - 1 990 ლარი; ხოლო „ლიბერთი ბანკის“ სახელფასოზე - 1 200 ლარი ერიცხებოდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულის სახით, 10 000 ლარიც ჰქონდა.

რაც შეეხება შემოსავალს, გარდა მინისტრობისა, წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას ხადურის შემოსავალმა - 30 411.45 ლარი შეადგინა.

დეკლარაციის თანახმად, ნოდარ ხადურს მამა - თამაზ ხადური; დედა - მანიჟან ხადური; მეუღლე - ნინო ცირეკიძე და შვილები - მარიამ და ნიკოლოზ ხადურები ჰყავს. მამამისი ფლობს გორში 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; მასვე „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშზე 180 ლარი ჰქონდა. ასევე 180 ლარი ჰქონდა საპენსიო ანგარიშზე ხადურის დედასაც. რაც შეეხება მეუღლეს, „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე - 1 200 ლარი ჰქონდა. მისი წლიური შემოსავალი „ლიბერთი ბანკში” სპეციალისტის თანამდებობაზე - 16 739.79 ლარი იყო.

რაც შეეხება იმას თუ რა ქონებას ფლობდა ხადური ფინანსთა მინისტრობამდე, ამის გარკვევა მის მიერ 2012 წლის 9 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით შეიძლება. 4 წლიანი მინისტრობის პერიოდში ძირითადად, მის ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობაა შეცვლილი. კერძოდ, 2012 წლის დეკლარაციის მიხედვით, ხადურს ,,თი-ბი-სი ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე - 3 500 ლარი; „რესპუბლიკა ბანკში“ კი 1 800 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, ნაღდი ფულის სახით 20 000 დოლარსაც ფლობდა.

2012 წელს დეკლარაციის შევსების მომენტში, როგორც ჩანს, მისი მეუღლე ნინო ცირეკიძე არ მუშაობდა და შესაბამისად, არც მისი შემოსავალია მითითებული. ხადური მინისტრობამდეც თბილისში, გლდანში მდებარე ბინას და მსუბუქ ავტომობილ Nissan Tiida-ს ფლობდა. მის მშობლებს კი „ლიბერთი ბანკის“ საპენსიო ანგარიშზე 110 ლარი ჰქონდათ.

ხადურის წლიური შემოსავალი კი 2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრულ პროფესორად მუშაობისას 42 000 ლარი; ეკონომიკის პრობლემების კვლევით ცენტრში მკვლევარად მუშაობისას კი 10 000 ლარი იყო.