“ბლაუნშტაინი” სოფელ პიპილეთში ფერმას ააშენებს

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც სულ მცირე 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი.ფერმის აშენებისა და მოწყობის მიზნით კომპანია მინიმუმ 95 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსსამსახურის ინფორმაციით, რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს ”დაუთას“ ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთის 25 წლიანი იჯარით გადასცა.

უწყების ცნობით, შპს ”დაუთა“ თანამშრომლობს შვეიცარულ-ქართულ კომპანია შპს ”ბლაუნშტაინ საქართველოსთან“ და ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში.

პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას.