მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ზურაბ ალავიძეს შეხვდა

მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს შეხვდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან, სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის უფროსმა ოფიცერმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პეტიო ნიკოლოვმა და ზურაბ ალავიძემ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, 105 მილიონ ლარს აჭარბებს თანხის ოდენობა, რაც დონორმა ორგანიზაციამ E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებისთვის გამოყო. ეს თანხა გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას, მათ შორის - რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებას მოხმარდება. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 14 მილიონი ლარია. დაახლოებით მილიონნახევარი ლარით ფინანსდება დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია. 5 მილიონ ლარს აღემატება ბატონის მუზეუმის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა, თელავის საკანალიზაციო კოლექტორების რეაბილიტაციისთვის კი მსოფლიო ბანკმა სამმილიონნახევარი ლარი გაიღო.