ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახა კალაძის შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 58 563 ლარი შეადგინა. ასეთია მის მიერ 2017 წლის 31 იანვარს შევსებული დეკლარაციის მონაცემები.
გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრმა 20 000 ევროდ შეიძინა მოტოციკლი HARLEY DAVIDSON BOBBER, ხოლო მსუბუქ ავტომანქანა FIAT 500 BI POSTO-ში 50 000 ევრო გადაიხადა. კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი - MERCEDES BENZ AMG GTS კალაძემ 2015 წელს 145 000 ევროდ შეიძინა. იმავე წელს 25 000 ევროდ იყიდა მოტოციკლი - HARLEY DAVIDSON SPRINGER; 2014 წელს კი 140 000 ევროდ იყიდა მსუბუქი ავტომანქანა MERCEDES G63.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, ენერგეტიკის მინისტრმა 2014 წელს ბაკურიანში 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 80 000 დოლარად შეიძინა. 2013 წელს კი სამტრედიაში მდებარე 93,90 კვადრატული მეტრისა და 76,20 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართები ჯამში 115 ათას დოლარად იყიდა. კალაძემ 2012 წელს წყნეთში მდებარე 1 139 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთიც იყიდა, რომელშიც 298 ათასი დოლარი გადაიხადა.
მინისტრი ასევე ფლობს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 367,60 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; სამტრედიაში 410 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლს; წყნეთში 697,60 კვადრატული მეტრისა და 735,20 კვადრატული მეტრი ფართობის აგარაკებს; თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე 396 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; სამტრედიაში 2 380 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს; ბაკურიანში მდებარე 3 031 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს; წყნეთში 1 060 კვ. მეტრისა და 1 058 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთებს; თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე 35 კვადრატული მეტრის ავტოფარეხს.
ენერგეტიკის მინისტრი უძრავ ქონებას უკრაინაშიც ფლობს. კერძოდ, მას ეკუთვნის კიევში მდებარე 220 კვადრატული მეტრი და 250 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები და 3 000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.
ასევე მის საკუთრებაშია - მსუბუქი ავტომანქანები - BENTLEY CONTINENTAL ; FERRARI GTO და მოტოსატრანსპორტო საშუალება - HARLEY DAVIDSON V ROD.
ავტომობილებისა და მოტოციკლების გარდა, კახა კალაძე ხელოვნების ნიმუშების კოლექციითაც არის გატაცებული. მინისტრის კოლექციაშია ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის 3-3 ფერწერული ტილო. აქედან ახვლედიანი ერთ-ერთი ნამუშევარი 2009 წელს საჩუქრის სახით მიიღო; ხოლო დანარჩენი 5 ნამუშევრის შესაძენად, ჯამში 245 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.
დეკლარაციის შევსების მომენტში კალაძეს, ,,პროკრედიტ ბანკის'' მიმდინარე ანგარიშზე ჯამში 970.18 დოლარი ჰქონდა; "ქართუ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 252 219.75 ევრო და 87.57 დოლარი; საბარათე ანგარიშზე 3 654.88 დოლარი ერიცხებოდა; გარდა ამისა, „ინტეზა სან პაოლოს“ მიმდინარე ანგარიშზე 900 000 ევრო და 3 600 000 დოლარი ჰქონდა; jiulius baer-ის მიმდინარე ანგარიშზე კი 3 900 000 ევრო ერიცხებოდა. ამასთან, ნაღდი ფულადი თანხის სახით 20 ათას დოლარს ფლობდა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კალაძეს გასულ წელს მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა საკუთარი ბიზნესებიდან. კერძოდ, უკრაინაში მდებარე შპს ООО ЮКА -ს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 480 ათასი დოლარი შეადგინა. კალაძე აღნიშნულ საწარმოში 33%-იანი წილის მფლობელია. უკრაინაში მდებარე კიდევ ერთი საწარმოს - შპს ,,ნესტ გრუპ“-ის საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა კი, სადაც კალაძე 50%-ს ფლობს, 250 ათასი ევრო შეადგინა. გარდა ჩამოთვლილისა, კალაძეს ასევე ეკუთვნის შპს kala capital limited; შპს „კოლხეთი“.
დეკლარაციის შევსების მომენტში კალაძეს რამდენიმე სესხი აქვს აღებული. ჯამში 913 727 ლარისა და 516 297 დოლარის ოდენობით. „ქართუ ბანკში“ აქვს 1 877 000 დოლარის სესხი აღებული; საკრედიტო ბარათით მომსახურება - 75 000 ევროს ოდენობით და ასევე 75 ათასი ევრო აქვს ოვერდრაფტის სახით აღებული. მის სახელზეა რეგისტრირებული ასევე „საქართველოს“ ბანკში 1 150 000 დოლარის სესხი და საკრედიტო ბარათით მომსახურება - 75 000 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, კალაძემ 2016 წლის ნოემბერში 380 000 ლარად გაყიდა უძრავი ქონება, რომელიც „შპს არქი ნუცუბიძემ“ შეიძინა. ასევე მინისტრის სახელზე რეგისტრირებული 462 000 დოლარად თავდებობის ხელშეკრულება, შპს ,,კოლხეთის‘‘ ვალდებულების უზრუნველაყოფად, რომლის შედეგადაც გასავალი წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 71 126 დოლარი იყო.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კალაძის გასავალმა გასულ წელს 350 ათასი ლარი შეადგინა. აქედან 300 ათასი ლარი ქველმოქმედებაზეა გაცემული.
კალაძეს მეუღლე ანა არეშიძე და 3 შვილი - ლევან, კახაბერ და ვაჩე კალაძეები ყავს. დეკლარაციის შევსების მომენტში მეუღლეს, ანა არეშიძეს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 136.08 ლარი, ანაბარზე კი 10 001 ევრო, ხოლო მოთხოვნამდე ანაბარზე კი 21 301.54 ევრო ჰქონდა. არეშიძე ასევე ფლობს თბილისში მდებარე შპს „ანოუკის“ 100%-იან წილს. სესხი აქვს აღებული „თი-ბი-სი“ ბანკში 410 000 დოლარის ოდენობით.