პროდუქტები 10-15%-ით გაძვირდა

პროდუქტების საგრძნობლად გაძვირებაზე მოქალაქეები ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად საუბრობენ. სუპერმარკეტებში ფასების მატება თითქმის ყველა სახის პროდუქტს, ხორცს, რძის ნაწარმს და სხვა სახის პროდუქციას შეეხო.

რა მდგომარეობაა სავაჭრო ქსელებში, როდიდან, რა პროდუქტებზე და რამდენით გაიზარდა ფასი - ამ კითხვებით „ბიზნესპრესნიუსი“ „კარფურის“, „გუდვილისა“ და „ორი ნაბიჯის“ სუპერმარკეტების ქსელს დაუკავშირდა, თუმცა კომენტარი მხოლოდ „ორ ნაბიჯში“ გააკეთეს.

ფინანსური დირექტორის მიხეილ ძოწენიძის ცნობით, ფასები ძირითადად მეორად პროდუქტებზე გაიზარდა. ხოლო რაც შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, სუპერმარკეტში ცდილობენ, რომ მსგავს პროდუქტებზე ფასები შეინარჩუნონ.

„ფასების ზრდა დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ. მაგალითად, შაქარზე ფასები უმნიშვნელოდ ხან იზრდება, ხან იკლებს. ზეთსა და ფქვილზეც ანალოგიურად,“-აღნიშნა ძოწენიძემ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელი ივა ჭყონია კი ამბობს, რომ ფასის ზრდა როგორც იმპორტირებულ, ისე საქართველოში წარმოებულ პროდუქტს შეეხო.

როგორც ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, პროდუქტების გაძვირება ორი ძირითადი ფაქტორით - ლარის კურსითა და საწვავის გაძვირებით (რაც ახალი წლიდან, აქციზის ზრდამ გამოიწვია) არის განპირობებული.

მისივე თქმით, ფასების მატება ზაფხულის შემდეგ, კერძოდ, სექტემბრიდან დაიწყო და ჯამში ფასებმა 10-15%-მდე მოიმატა.

„არის სენსიტიური, უფრო ლიკვიდური, პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელზეც ფასის მატება კომპანიებს რამდენჯერმე მოუწიათ. ჯამში შესაძლოა, ამან 10-15% შეადგინა. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე - ფქვილზე, შაქარზე, ზეთზე, ფასის მატება მომენტალურად მოუწიათ, როგორც კი ვალუტის კურსი - 2.20-2.30 გახდა. მაგრამ მასობრივად პროდუქტებზე ფასები ახალი წლის შემდეგ გაიზარდა.

„სექტემბრიდან მოყოლებული პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები პერმანენტულად 5-10 თეთრით იზრდებოდა. შედეგად, იანვრის ჩათვლით შესაძლოა, ფასები ჯამში 10%-დან 15%-მდეა გაზრდილი. თუმცა, არის პროდუქტები, რაზეც ფასები სექტემბერში არ გაზრდილა, მაგრამ იანვარში 6-7%-ით ან შეიძლება 15%-აც გაიზარდა,“-ამბობს ჭყონია.

მისივე ცნობით, ფასების მატება ყველა სავაჭრო ობიექტს შეეხო. როგორც ჭყონიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სავაჭრო ქსელები არასწორი ინტერპრეტაციით, რომ თითქოს ფასებს არ ზრდიან - უბრალოდ, მოხმარებელზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.

„ეგეთი შემთხვევა არ არის. პირობითად, თუ პროდუქტს 1 დოლარად ყიდულობდი და 2.30-ს იხდიდი, ახლა 2.70-ის გადახდა გიწევს. საწვავს რაც შეეხება, 10 ლიტრი საწვავი თუ 16 ლარი ღირდა, ახლა 21 ლარი ღირს. შესაბამისად, წარმოუდგენელი და ალოგიკურია ფასი არ გაზარდო“, - ამბობს ჭყონია.