აშშ-ის კონგრესში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

აშშ-ის კონგრესში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა. ”ამერიკის ხმის” ქართული ბიუროს ინფორმაციით, პრეზენტაცია ამერიკაში საქართველოს საელჩოს, ასევე შეერთებული შტატების კონგრესის საკანონმდებლო ჯგუფის და ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

”საქართველო-ამერიკის მეგობრობის ასოციაციამ და კონგრესის ღვინის მოყვარულების ჯგუფმა, საქართველოს საელჩომ გადაწყვიტეს შეხვედრა, რადგან ქართული ღვინო წარედგინათ კონგრესმენებისთვის. ძალიან კარგი მიღება იყო. ქართული ღვინო პოპულარული გახდა, ყველას მოეწონა. ეს სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია. პირველად მოხდა ქართული ღვინის პრეზენტაცია კონგრესში”, - განაცხადა ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტმა მელორ წიფურიამ.

აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია საქართველოს წარმოჩენისთვის.

”ჩვენი კულტურა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქვევრის ღვინით გამოიხატება, ჩვენი სამზარეულო და კულტურის მრავალფეროვნება, რომელსაც სხვადასხვა კუთხით გავაცნობთ ამერიკულ მხარეს, არის სასარგებლო ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და საქართველოს წარმოჩენისთვის”, - განაცხადა ბაქრაძემ.