დავით სერგეენკო - თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული

თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თანხის მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება.

”ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე“, - განაცხადა სერგეენკომ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმღვანელი პირები.