საქართველოს ოთხი ახალი სასტუმრო შეემატება

ორი ახალი სასტუმრო თბილისში, ერთი ქუთაისის აეროპორტთან და ერთიც ვანში აშენდება. სასტუმროების მშენებლობას ”ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპი” გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, თბილისში სასტუმროების მშენებლობა პროექტის დამტკიცებისთანავე დაიწყება, რასაც დაახლოდებით თვენახევარი სჭირდება. მისივე თქმით, საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები, თბილისში, საბურთალოსა და მთაწმინდაზე აშენდება: ”ეს იქნება 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები, გათვლილი 70 და 50 ნომერზე. საშუალო კლასის სასტუმრო საბურთალოზე აშენდება, მაღალი კლასის კი მთაწმინდაზე,” - ამბობს ბეჟან წაქაძე.

მისივე თქმით, სასტუმროების მშენებლობის დაწყება ტურისტების მხრიდან გაზრდილმა მოთხოვნამ გადააწყვეტინა. ბეჟან წაქაძე ორი სასტუმროს მშენებლობას რეგიონშიც გეგმავს: ”ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ჰექტარი მიწა შევიძინე, სადაც ახლო მომავალში სასტუმროს ავაშენებ. ასევე ვგეგმავ ვანში 20-25 ნომრიანი სასტუმროს აშენებას, რადგან ვანი, როგორც ძველი არქიტექტურული ქალაქი, მალე ყველა იმ მარშრუტში იქნება ჩართული, რომელსაც ტურისტები გაივლიან,” - ამბობს ბეჟან წაქაძე.

”ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის” დამფუძნებელი აცხადებს, რომ თბილისში სასტუმრობის მშენებლობა, სავარაუდოდ, ორ წელში დასრულდება, რეგიონებში კი ამას უფრო მოკლე პერიოდში მოახერხებს. რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, თბილისის პროექტებში ინვესტორი 8-9 მილიონი დოლარის ჩადებას გეგმავს, რეგიონებში კი 3-4 მილიონი დოლარია გათვლილი.