კახეთში თერმული სკების წარმოება დაიწყო

მეფუტკრე ილია ხარაზიშვილი ოთხი თვეა თერმულ სკებს აწარმოებს. მას საწარმო კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდაში, საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი და თავისი მეურნეობისთვის უკვე 100 თერმული სკა დაამზადა. როგორც ილია ხარაზიშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ თერმულ სკებს საქართველოში სხვებიც აწარმოებენ, ეს პროდუქტი ჯერ ახალია და მის მიმართ დაინტერესება ნელ-ნელა იზრდება: ”თერმულ სკებს ორი დანიშნულებით ვამზადებ. ერთი, სადაც ფუტკრები უნდა განთავსდნენ და მეორე, გამრავლებისთვის განკუთვნილი სკები. ვინც გაიგო თერმული სკების შესახებ, ერთი ან ორი მაინც შეიძინა, შედეგები შეაფასა და ახლა უკვე სურვილი გაუჩნდა, რომ ფუტკრები მთლიანად თერმულ სკებში გადაიყვანონ. ბოლო 10 წელია, რაც მეფუტკრეობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა და ბევრმა არ იცის ამ სკების შესახებ, მაგრამ მალე აუცილებლად მოთხოვნადი გახდება,” - ამბობს ილია ხარაზიშვილი

მეფუტკრე, რომელიც სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯში მეფუტკრეობას ასწავლის, თერმული სკების უპირატესობებზე გვესაუბრება: ” ასეთ სკებში ზამთარსა და ზაფხულში ტენიანობის მაჩვენებელი სტაბილურია. სასაქონლე თაფლის შემოსავალი თითო სკაზე 10 კილოგრამით უფრო მეტია, ვიდრე ხის სკებში. მავნე მწერები და მღრღნელები თერმულ სკებსა და თაფლს ზიანს ვერ აყენებენ. უარყოფითი აქვს ის, რომ ძლიერ დარტყმებს ვერ უძლებს. მე ვფიქრობ რომ, თერმული სკები სტაციონალურ საფუტკრეებში უფრო გაამართლებს ვიდრე მთა-ბარში.” - აცხადებს მეფუტკე.

როგორც ილია ხარაზიშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, ერთი თერმული სკის დამზადება, საშუალოდ, 100 ლარი ჯდება და შედარებით იაფია, ვიდრე ხის სკები.

მეფუტკრეს სახლში საწარმოს მოწყობა თითქმის ოთხი ათასი ლარი დაუჯდა. თერმული სკების დასამზადებელი დანადგარების ნაწილი შეიძინა, ნაწილი კი თავად დაამზადა. ილია ხარაზიშვილი საწარმოში მარტო მუშაობს და მასშტაბურ წარმოებაზე არ ფიქრობს: ”ძალიან კმაყოფილი ვარ, 100 სკა მაქვს გამზადებული. ამდენი სკა რომ მეყიდა, ფაქტობრივად, 3-4-ჯერ მეტი უნდა გადამეხადა, ვიდრე ამ საწარმოს მოწყობა დამიჯდა. მუშახელის დამატებას არ ვგეგმავ, ისეთ შეკვეთას არ მივიღებ, რომელსაც მე თავად ვერ გავწვდები. ეს საოჯახო ბიზნესია, თუმცა ვისაც სურვილი ექნება, სიამოვნებით ვასწავლი თერმული სკების დამზადებასა და მეფუტკრეობას,” - ამბობს ილია ხარატიშვილი

მეფუტკრე ”ბიზნესპრესნიუსთან” სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წელს საქველმოქმედო საფუტკრის გაკეთებას გეგმავს. მოწეული თაფლით ილია ხარატიშვილი აპირებს, რომ ერთჯერადად, თუნდაც ახალ წელს, ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმაროს.

თათია ახვლედიანი