სახალხო დამცველი დახურულ შენობებში თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას მოითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ქვეყანაში თამბაქოს კონსტროლის კუთხით სერიოზული დარღვევებია.

”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემები, რაც თამბაქოს კონტროლს უკავშირდება. ქვეყანა არის რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, მათ შორის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მონაწილე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დღემდე არ არის შესრულებული. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ შენობებში მოხდეს აკრძალვა, როგორც რეალიზაციის, ასევე თამბაქოს პირდაპირი თუ ირიბი რეკლამის აკრძალვა. მათ შორის სპონსორობის აკრძალვაც უნდა განხორციელდეს”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი მწეველია, ხოლო 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60% თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო თუ საზოგადოებრივი თავშეყრის დახურული ტიპის ადგილებში მოწევა მიჩნეულია ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროდ, მოქმედი ნორმები ვერ უზრუნველყოფს თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს. არ არსებობს თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა, ასევე არ არსებობს ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციასა და რეკლამირებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც სახალხო დამცველის აზრით, დროულად უნდა იქნეს შემოღებული. ამავდროულად, საჭიროა მოქმედი რეგულაციების ეფექტური აღსრულება.

კვლევის თანახმად, თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამართალდარღვევათა უმრავლესობა გამოვლენილია 2013 წლის მაის-ივნისსა და 2014 წლის პირველ კვარტალში, ხოლო 2015 წელს თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესეის დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი. კვლევის თანახმად, თვალშისაცემია თამბაქოს კონტროლის სფეროში მის უფლებამოსილებად მიკუთვნებულ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონებში შეტანილი უნდა იყოს ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ თამბაქოს მოწევის სრულ აკრძალვას დაწესებულებების დახურულ შენობებში. ასევე, საკანონმდებლო დონეზე უნდა გამარტივდეს თამბაქოს კონსტროლის კანონმდებლობის დარღვევის ადმინისტრირება. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მყისიერად უნდა უზრუნველყოს თამბაქოს პროდუქციის მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პირთათვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის კონსულტაციისა და მკურნალობის შესაბამისი სერვისების განვითარება.