იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა

ქართლ-კახეთის და მესხეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და გაშენებული ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები შეაფასეს.

ღონისძიებას, რომლის მიზანი რეგიონებისთვის პერსპექტიული ჯიშის გამოვლენა იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესწრებოდნენ.

”მეწარმეებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან, მათ ასორტიმენტში იყოს ჯიშური მრავალფეროვნება, აუცილებელია შერჩეული ჯიშები გააშენონ. შერჩეულ ჯიშებს მეტი შესაძლებლობა აქვთ და, შესაბამისად, წარმოებულ ღვინოს მეტი პერსპექტივა დაიკავოს ადგილი, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტების მიერ ქართლის, კახეთის და მესხეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშებისგან დაწურული 23 სახეობის ღვინო შეფასდა და საუკეთესოები გამოვლინდა. სულ წარდგენილი იყო 14 თეთრი და 9 წითელი სახეობის ღვინო. ღვინოები შეფასდა შემდეგი პარამეტრებით: შეფერილობის ინტენსივობა(ღია-მუქი), ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლორტები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეში და ალკოჰოლის შეგრძნება. საბოლოო შეფასებაში გათვალისწინებული იყო ჯიშის მოსავლიანობის პარამეტრიც.

ყველაზე მაღალი შეფასება თეთრი ღვინოებიდან მიიღეს: კახური მცვივანი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 14.2 ტონა); ჯვარი (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 5.3 ტონა); მხარგრძელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 10.8 ტონა);

ყველაზე მაღალი შეფასება წითელი ღვინოებიდან მიიღეს: ახმეტის წითელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა); სრელური (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 24.3 ტონა); სიმონასეული (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა).

”სამეცნიერო-კვლევით ცენტრში უძველესი ქართული ჯიშების როგორც მოძიებისა და აღდგენის პროცესი, ასევე მისი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების სამეცნიერო დონეზე შესწავლა მიმდინარეობს. ჯიშური მრავალფეროვნება არის ქართული მევენახეობის და მეღვინეობის მომავალი, სწორედ ამიტომ ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა მათ მოძიებას და შესწავლას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.