ნორვეგია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას იწყებს

საქართველოში ნორვეგიული ინვესტიციები, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ორმხრივი თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები განიხილესნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივან მარიტ ბერგერ როსლანდთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს და ამ კონტექსტში მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებს როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში.

მათივე ინფორმაციით, ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. კერძოდ, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (Joint Training and Evaluation Centre - JTEC) დაარსებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ხაზი გაესვა ნორვეგიული მხარის ფინანსურ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით განხორციელდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნორვეგიულ მხარეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპანიის “Clean Energy Invest“ საქმიანობას ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში. როგორც ცნობილია საქართველოში ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობას ნორვეგიული კომპანია განახორციელებს, რის შედეგადაც ენერგეტიკის სფეროში 850 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდება. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას თავდაცვის სფეროში და ამ კუთხით, აპრილში, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის ინე ერიკსენ სორეიდეს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოსა და ნორვეგიას შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა დამყარდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ იზრდება ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით დაინტერესება. ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - განაცხადა მარიტ ბერგერ როსლანდმა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობას, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ საკითხებს.

მარიტ ბერგერ როსლანდმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, მიესალმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დინამიურ თანამშრომლობას და მომავალში ორმხრივი ურთიერთობის უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. მან მაღალი შეფასება მისცა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობას.

მხარეებმა ასევე კმაყოფილება გამოთქვეს NB8-ის ფარგლებში პარლამენტის სპიკერების დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, რომელიც თბილისში, მიმდინარე წლის 20-22 მარტს შედგება.

„საქართველოსა და ნორვეგიას შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა მთელი რიგი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ქალბატონი როსლანდის ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ახალი სფეროები და მიმართულებები განვიხილოთ “ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.