სერგო რატიანი ”გაზპრომის” ხელშეკრულებაზე - ვლაპარაკობთ იმაზე, არის ცხოვრება მარსზე, თუ არ არის - საგიჟეთში ვართ, ხალხნო

”გაზპრომთან” მიმართებაში პარლამენტი უმძიმეს, სამარცხვინო მდგომარეობაშია ჩაყენებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა , სადაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ”გაზპრომსა” და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაზის ტრანსპორტირების სფეროში და მისი ტრანსფორმაციით გამოწვეული ფინანსური ზარალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, პარლამენტი ვერ ასრულებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, ზედამხედველობა გაუწიოს ხელისუფლებას.

”ოპოზიცია აკეთებს იმ ხელშეკრულების რეკონსტრუქციას, რომელიც არავის უნახავს და აგერ იყო საუბარი, ”არა მგონია, ასე ცუდად იყოსო საქმე”. საშინელ მდგომარეობში ვართ. აქ ვსხედვართ, თქვენ გიწევთ პასუხი გაგვცეთ იმაზე, რაც არ გინახავთ, არ განახეს. თქვენ ხომ ახლა პასუხები არ გაქვთ, უბრალოდ, და არც შეიძლება გქოდნეთ.

თქვენ სხედხართ, გვისმენთ და ჩვენ უბრალოდ ვმარჩიელობთ, რა შეიძლება იყოს. ეს არის პარლამენტის სირცხვილი და ეს სირცხვილი უნდა გამოსწორდეს რაღაცნაირად.

ჩვენ ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. თქვენ, ვისაც ვალდებულება, პასუხისმგებლობა გაქვთ, რომ ზედამხედველობა გაუწიოთ ხელისუფლებას, ჩვენც იგივე ვალდებულება გვაქვს, ჩვენ და თქვენ ამას ვერ ვასრულებთ.

ვლაპარაკობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს, არის ცხოვრება მარსზე, თუ არ არის. საგიჟეთში ვართ, ხალხნო. ძალიან დიდი ზიანია მიყენებული და ყველამ იცის ეს, თქვენც აღიარებთ, რომ ზიანი მიყენებული არის”, - მიმართა სერგო რატიანმა უმრავლესობის დეპუტატებს.