დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „გაზპრომთან“ დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის პარლამენტის სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ“ რეზოლუციის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი არ დაუჭირა.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა, სამწუხაროა, რომ კომიტეტმა რეზოლუცია ჩააგდო, თუმცა განხილვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მთავრობის მიერ დადებული „ანტისახელმწიფოებრივი პროექტი ამხილეს“.

"ჩვენ გავაკეთეთ "გაზპრომთან" ხელშეკრულების რეკონსტრუქცია. დარწმუნებული ვართ, როცა გასაჯაროებას მივაღწევთ, ის აუცილებლად დაემთხვევა ჩვენ მიერ წარმოდგენილ პროექტს. ამ ხელშეკრულებით საქართველომ იზარალა მრავალი მილიონი ლარი",- განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს და ამისთვის გამოყენებული იქნება როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ხერხები.

"ჩვენ ამას გავასაჩივრებთ სასამართლოში და მივაღწევთ კონტრაქტის ჯერ გასაჯაროვებას და შემდეგ ხალხის მხარდაჭერით შევეცდებით, ხელისუფლება ვაიძულოთ ამ ხელშეკრულების გაუქმებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად",- განაცხადა გოცირიძემ.