საერთაშორისო კონგრესზე საპარტნიორო ფონდის ენერგეტიკული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისში, საერთაშორისო კონგრესზე, საპარტნიორო ფონდის ენერგეტიკული პროექტების „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, საპარტნიორო ფონდის პროექტები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ წარადგინა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საპარტნიორო ფონდი აქტიურად მონაწილეობს საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განვითარებაში. ფონდის თანამონაწილეობით განხორციელდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტი, ხორციელდება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე რამდენიმე მცირე და საშუალო ჰესის განვითარება. ფონდის თანამონაწილეობით განხორციელებული პროექტების საერთო ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ენერგეტიკის დარგზე მოდის.

”კონგრესი წარმოადგენს მაღალ პროფესიულ პლატფორმას კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დიალოგისათვის. კონგრესის ფარგლებში, მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან ჰიდრო, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ამ პროექტებში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის როლზე.

კონგრესზე თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და საქართველოს, როგორც სახელმწიფო ასევე, კერძო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს.

ორდღიანი კონგრესი „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ კომპანია „ვოსტოკ კაპიტალის“ ორგანიზებით გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.