მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ იკრძალება

მარჯვენა და საჭეგადატანილი ავტომობილების შემოყვანა საქართველოში აღარ აიკრძალება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტიდან იმ პუნქტის ამოღება მოხდება, რომელიც იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვას გულისხმობდა.

ცვლილებათა პაკეტის ინიცირება, რომელიც მარჯვენა და საჭეგადატანილი ავტომობილების აკრძალვასთან ერთად, მართვის მოწმობებზე 100 ქულიანი სისტემის შემოღებასა და „ფარულ პატრულირებას“ გულისხმობდა, 2015 წლის ბოლოს მოხდა. კანონპროექტის ავტორი კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო.

უწყების ცნობით, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში რამდენიმე დღეში განახლდება და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი ამოღებული იქნება.

მათივე ცნობით, 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გასამმაგდა. შედეგად შსს-ს ცნობით, საქართველოში იმპორტირებული მარჯვენა და საჭეგადატანილი ავტომობილების აკრძალვის საჭიროება აღარ დგას.