თბილისში პირველი ველობილიკი მოეწყობა

პირველი ველობილიკი თბილისში აპრილში მოეწყობა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავამ უთხრა.

მისივე ცნობით, ველობილიკი მტკვრის ორივე სანაპიროზე მოეწყობა და მისი სიგრძე 8 კილომეტრი იქნება.

"ველობილიკი დედა ენის ძეგლთან დაიწყება და მტკვრის ორივე სანაპიროზე იქნება. ტერიტორია დაიხაზება, დაიდგმება ნიშნები, 2 შუქნიშანი და საჭირო ინფრასტრუქტურა. ეს არის საპილოტე პროექტი. სამომავლოდ დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ველობილიკის მოწყობაა გათვალისწინებული, მათ შორის ძველ თბილისშიც," -აღნიშნა კვაშილავამ.

დედაქალაქის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა დაჯდება აღნიშნული ველობილიკის მოწყობა. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ტენდერში რამდენიმე კომპანიამ გაიმარჯვა და მოქალაქეებს პირველი ველობილიკით სარგებლობა სავარაუდოდ, გაზაფხულზე შეეძლებათ.

მერიის ცნობით, მტკვრის ორივე სანაპიროზე 3 ველოსადგომიც განთავსდება.