ბიზნესი ”მზესუმზირის” ბორბლებზე

“ბიზნესი ერთი წლისაა, სიყვარული სამის, მეგობრობა კი 15 წელს ითვლის“ - ახალგაზრდა წყვილი ხელნაკეთი ნივთების ბიზნესის წამოწყების იდეამდე მანქანით მოგზაურობამ მიიყვანა. ლალი თვალიაშვილი და დემეტრე მარხვაიძე სამკაულებს ყვავილებისგან და მინერალებისგან ამზადებენ, აკეთებენ ჩანთებს, საფულეებსა და კედლის დეკორაციებს, კერძო შეკვეთებზეც მუშაობენ და ავტომობილებზე ხატავენ.

”ჩვენი მოგზაურობის დროს გადაღებული ლამაზი ფოტოები ხალხისთვის რომ გაგვეზიარებინა და მიღებული ემოციები სხვებისთვის გადაგვეცა, ფეისბუქის გვერდი შევქმენით. შემდეგ ერთი ყელსაბამი დავამზადეთ და ფოტო სოციალურ ქსელში ავტვირთეთ. გამოხმაურება იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე განსხვავებული ნივთიც შევქმენით და ონლაინ მაღაზია გავაკეთეთ,” – გვიყვება წყვილი.

ახალგაზრდა წყვილის ახალგაზრდა ბიზნესსაქმიანობას ”Hippie” ქვია, მათი სიმბოლო კი მზესუმზირის ყვავილი და მშვიდობის ნიშანია: ”ჩვენი გვერდისთვის რამე ისეთი სახელის დარქმევა გვინდოდა, რაც მშვიდობასთან, თავისუფლებასთან, ბუნებასა და ფერებთან იქნებოდა დაკავშირებული, ასევე სიტყვა მოკლე, ყველასთვის ადვილად გამოსათქმელი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ლოგოს, მზესუმზირა ავარჩიეთ, რადგან იგი ყველაზე ნათელი და დიდი ყვავილია, რომელიც ყოველთვის მზისკენ და სინათლისკენ იყურება. შუაში მშვიდობის სიმბოლო ჩავხატეთ. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მშვიდობითა და ჩარჩოებით ჩვენ ბოროტების კონტროლი და მისი შემცირება შეგვიძლია.” - ამბობენ ლალიკო და დემე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

”Hippie”-ს ხელნაკეთი ნივთების შეძენა პეკინის ქუჩაზე, წყვილის მიერ ახლახან გახნილ მაღაზიასა და ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. ახალგაზრდა საქმოსნების თქმით, ნივთები ყველა ასაკისა და სოციალური შესაძლებლობის მქონე ადამიანზეა გათვლილი: “ჩვენ ნივთებს ყველა ასაკის ადამიანისთვის ვამზადებთ. საზღვარგარეთაც გავგზავნეთ რამდენიმე ნამუშევარი. ასევე საქართველოში მცხოვრები ბევრი უცხოელი მომხარებელიც გვყავს.” - ამბობს ლალი თვალიაშვილი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთი ახალგაზრდა ბიზნესმენების ცხოვრებაში საკუთარი სახსრებით შეძენილი და შემდეგ მოხატული მინიბუსია, რომელმაც მოგზაურობის გარდა მაღაზია-სახელოსნოს ფუნქცია შეითავსა: ”ავტომობილის ყიდვის იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა. თავდაპირველად ავტომობილი მხოლოდ სამოგზაუროდ გვინდოდა გვყოლოდა, თუმცა ”Hippie”-ს დაარსების შემდეგ ავტობუსში მოსიარულე მაღაზია-სახელოსნო გავხსენით. გადავწყვიტეთ გვეყიდა მინიბუსი, მოგვეხატა და გვეკეთებინა ის, რაც ყველაზე ძალიან გვსიამოვნებს - გვემოგზაურა და სხვადასხვა ფესიტვალსა და დღესასწაულზე ჩვენი ნივთები გაგვეყიდა.” - გვეუბნება დემეტრე მარხვაიძე.

როგორც ახალგაზრდები ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავენ, საქმიანობის დაწყებამდე ბიზნესში გამოცდილება არ ჰქონდათ და საწყის ეტაპზე სირთულეებიც ჰქონდათ.

”თავდაპირველად, როგორც ყველა დამწყებ ბიზნესს, ჩვენც გვქონდა გარკვეული სირთულეები, როგორიცაა მომხმარებლის ნდობის მოპოვება, მათი გემოვნებისა და შეხედულებების გათვალისწინება, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომიდინარე სარეალიზაციო ფასების შერჩევა.

ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილება არასდროს გვქონია, თუ არ ჩავთვლით ფაქტს, რომ ლალიკომ მესამე კლასში მეორადი სტიკერების კოლექცია გაყიდა და შეგროვებული თანხით საოცნებო ბლოკნოტი იყიდა.

ჩვენი პირველი წარმატება ალბათ მანქანის ყიდვა და ჩვენივე შრომით ასეთ ფერად და ორიგინალურ მდგომარეობამდე მიყვანა იყო,” - აღნიშნავს წყვილი.

ლალი თვალიაშვილი და დემეტრე მარხვაიძე სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ. როგორც წყვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს ”Hippie” მომხმარებელს მალე ისეთ ახალ იდეებს შეთავაზებს, რომლებიც საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.

თათია ახვლედიანი