831 საჯარო მოხელიდან 51% თავისი ანაზღაურებით უკმაყოფილოა

გამოკითხულ საჯარო მოხელეთა 51% შესრულებული სამუშაოსთვის მიღებული ანაზღაურებით კმაყოფილი არ არის. 

UNDP-სა და ACT-ის მიერ ჩატარებული "საჯარო მოხელეების კვლევის" თანახმად, 51%-დან 21% კრიტიკულად განწყობილია მიღებული ანაზღაურების მიმართ. კვლევაში მონაწილეთა 28% კი აცხადებს, რომ თავისი ანაზღაურებით კმაყოფილია.

„საჯარო მოხელეების კვლევის“ ფარგლებში 29 სახელმწიფო უწყების 831 საჯარო მოხელე გამოიკითხა. თვისებრივი მონაცემების მოპოვების მიზნით, ჩატარდა ფოკუსური ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები. კვლევაში შესწავლილია საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სერვისებისა და მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ.

კვლევის შედეგების თანახმად, ხელფასით უკმაყოფილო საჯარო მოხელეთა წილი განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში. კერძოდ, რეგიონებში უკმაყოფილოა - 54%, ხოლო თბილისში - 44%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა შეფასებით, ანაზღაურება მათ კვალიფიკაციასთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან შესაბამისობის კუთხითაც არადამაკმაყოფილებელია. ამ თვალსაზრისით უკმაყოფილოა, გამოკითხულთა ნახევარი - 51%, ხოლო 29% თვლის, რომ ხელფასი მის კვალიფიკაციას შეესაბამება.

კვლევის შედეგების თანახმად, მატერიალურთან ერთად, საკვლევ-სამიზნე ჯგუფში ასევე შედარებით დაბალია არამატერიალური ბენეფიტების აღქმაც - გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი - 46% თვლის, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამის აღიარებას იღებს, მათ შორის მხოლოდ 14% ეთანხმება აღნიშნულ დებულებას სრულად, 29% კი თვლის, რომ სამსახურში აღიარებას ვერ იღებს. დაფასებისა და აღიარების ნაკლებობაზე უფრო მეტად იმ საჯარო მოხელეებმა ისაუბრეს, რომელთაც საჯარო სამსახურში ყველაზე დიდი სამუშაო გამოცდილება (5-10 წელი და მეტი) აქვთ.

ასევე საკმაოდ დაბალია საჯარო მოხელეთა მიერ კოლეგების პროფესიონალიზმის აღქმაც. გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარს, 50%-ს სჯერა, რომ საჯარო სამსახურში თავისი საქმის პროფესიონალი ხალხი მუშაობს, მათ შორის მხოლოდ 17%-ია ბოლომდე დარწმუნებული აღნიშნულ მოსაზრებაში. გამოკითხულთა 21% კი თვლის, რომ საჯარო სამსახურები ნაკლებად არის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების დიდ ნაწილს, 76%-ს მოსწონს თავისი სამუშაო და მხოლოდ 6% მიიჩნევს მას არამიმზიდველად.

კვლევა პროექტის - "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში'' ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით მომზადდა.