გიგი წერეთელი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი და ფრაქციის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „ევროპული საქართველოდან“ იუწყებიან, საპარლამენტო უმცირესობა აქტიურად არის ჩართული ჯანდაცვის რეფორმის მონიტორინგში.

„იმის გამო, რომ ხელისუფლება წლიდან წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯებს თავს ვერ ართმევს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ შეცვალოს პროგრამა. ის შემოთავაზება და გადაწყვეტილება, რომელიც დღეს არის, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს, რომლებმაც ამის თაობაზე განაცხადეს და მეორე მხრივ, ათეულობით ათას ადამიანს. იმისათვის, რომ არ მოხდეს მოსახლეობის და სადაზღვევო კომპანიების დაზარალება, საჭიროა ხელისუფლებასთან აქტიური მუშაობა. შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ შეხვედრები როგორც კომპანიის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და სამედიცინო წრეებთან, რათა შევთავაზოთ სწორი გადაწყვეტილება. გაცილებით მაღალი უნდა იყოს მიზნობრიობა და მეტი როლი უნდა ითამაშონ სადაზღვევო კომპანიებმა. ეს არის სწორედ ის ინდუსტრია, რომლებმაც სახელმწიფოს ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს და იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული შემოსავლები აქვთ, სათანადო ხელმისაწვდომი პროდუქტები უნდა შევთავაზოთ. საჭიროა შეიქმნას საბაზო პაკეტი, რომლითაც მთელი მოსახლეობა ისარგებლებს. ეს იქნება ის მნიშვნელოვანი სერვისები, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი და აუცილებლად უნდა მოხდეს დიფერენცირება ჯგუფების შემოსავლების და შესაძლებლობების მიხედვით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.