ზამთრის სპორტის განვითარებაზე სამთავრობო ჯგუფი მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საქართველოში ზამთრის სპორტის სახეობების სამომავლო განვითარების, ასევე კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისთვის სპეციალური სამთავრობო ჯგუფი შეიქმნა.

როგორც  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, ერთობლივი ძალებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები შემუშავდება. ”აღნიშნული პროგრამა დიდ ბიძგს მისცემს ზამთრის სახეობების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ შორის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ზამთრის სპორტის სახეობებით დაკავდნენ, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას. გვაქვს სურვილი უახლოესი 5 წლის მანძილზე არაერთ საერთაშორისო შეჯიბრს ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც წარმოდგენილნი არიან როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე კოლეგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკის სამინისტროებიდან.

”პროექტში ასევე მონაწილეობს მთის კურორტების განვითარების სააგენტო, ასეთი წარმომადგენლობითი ფორმატი იმის გარანტიაა, რომ ჩვენ, სათხილამურო ფედერაციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტს შევიმუშავებთ. აღნიშნული პროგრამა დიდ ბიძგს მისცემს ზამთრის სახეობების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, ახალგაზრდა სპორტსმენებს და მათ შორის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ ზამთრის სპორტის სახეობებით დაკავდნენ, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს პროფესიული სპორტის განვითარებას, გვექნება აქტიური ზრდა მასობრიობის თვალსაზრისითაც. საქართველოს სხვადასხვა სამთო კურორტებზე იგეგმება ოლიმპიური მზდების რამდენიმე აკადემიის გახსნა და ზამთრის სახეობების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია. ასევე უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ასპექტი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის წინსვლას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიაში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა, როგორც საერთაშორისო ფედერაციის და სხვადასხვა ფედერაციების პრეზიდენტებთან, ასევე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან. ჩვენ წინასწარი განაცხადი გავაკეთეთ უცხოელ მეგობრებთან, რომ გვაქვს სურვილი უახლოესი 5 წლის მანძილზე არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებას ვუმასპინძლოთ. ამისათვის სახელმწიფო საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს, ასეულობით მილიონია დახარჯული, ასევე ძალიან დიდი ინტერესია ჩვენს მიმართ, რაც უცხოელმა კოლეგებმაც დაგვიდასტურეს. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ხელს შევუწყობთ როგორც სპორტის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას და იმ ეკონომიკური რესურსების გამოყენებას, რაც გაგვაჩნია ქვეყანაში“, - განაცხადა მინისტრმა.