გიორგი ცუცქირიძე - ეროვნული ბანკის იმ სასტარტო პოზიციაში დაბრუნება, რაშიც 2015 წლის სექტემბრამდე იყო, აბსოლუტურად გამართლებულია

ეროვნული ბანკი რომ დაბრუნდეს იმ სასტარტო პოზიციაში, როგორც 2015 წლის სექტემბრამდე იყო, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული , - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც საფინანსო ორგანიზაციებზე ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, 2015 წლის სექტემბერში, როცა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფა ხდებოდა, საბანკო სექტორის, მსხვილი დონორი ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოზიცია იყო, რომ ეს საკითხი უფრო ფართო განხილვის საგანი გამხდარიყო.

გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია, მჭიდრო კომუნიკაცია ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის, რაც არ ითვალისწინებს საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას ეროვნული ბანკიდან.

"თუ გვინდა სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, უნდა იყოს ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია ფისკალურ და მონეტარულ ამოცანებს შორის - მთავრობას და ეროვნულ ბანკს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. საუბარია ერთიანი სტრატეგიის დასახვაზე. თუ ასეთი სტრატეგიაა არჩეული, ბუნებრივია, გამოყოფილი სააგენტო შეიძლება იყოს გარკვეული პრობლემების მატარებელი", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მან 2008-2009 წლების მაგალითიც მოიყვანა და განმარტა, რომ ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა აღნიშნულ წლებში არაეფექტური აღმოჩნდა, რის გამოც ეს ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა.