”ვითიბი ბანკში” პროგრამით გათვალისწინებული სესხების 19 პროცენტი გალარებულია

”ვითიბი ბანკის” იმ სესხებიდან, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გალარებას ექვემდებარება, ამ მომენტისთვის 19 პროცენტია გალარებული , - ამის შესახებ ”ვითიბი ბანკი” იუწყება.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, დოლარში აღებული სესხის ლარში გადაყვანას გულისხმობს. პროგრამის პირობების თანახმად, შესაძლებელია მაქსიმუმ 40 000 დოლარის მოცულობის სესხის ლარში გადაყვანა არსებულ კურსს მინუს 20 თეთრის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, თუ სესხის მოცულობა აღემატება დაწესებულ ლიმიტს, შესაძლებელია მისი ნაწილის, მაქსიმუმ 40 000 დოლარის გალარება.

აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.

გალარების პროგრამა 17 მარტამდე გრძელდება.