დემურ გიორხელიძე - დღევანდელი ეროვნული ბანკი არაფრით უკეთესი არ არის იმ ეროვნულ ბანკზე, რომელსაც ”ნაცმოძრაობის” ბანკი შეიძლება დავარქვათ

სცენარი, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად უნდა განვითარდეს, არ არსებობს, - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექსპერტმა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ისევ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფინანსო ზედამხედველობის სამსახური შეიძლება წარმატებით ფუნქციონირებდეს ეროვნული ბანკის სისტემაში და ასევე წარმატებით შეიძლება ფუნქციონირებდეს მის გარეთ. გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ვარიანტი კარგია თუ ეროვნული ბანკი ან დამოუკიდებელი სამსახური მუშაობს კანონის შესაბამისად იმ საერთო პოლიტიკის ფარგლებში, რაც ქვეყნის განვითარებას უკავშირდება.

”დღევანდელი ეროვნული ბანკი არაფრით უკეთესი არ არის იმ ეროვნულ ბანკზე, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” ბანკი შეიძლება დავარქვათ, მე მას ძალიან ვაკრიტიკებდი. დღესაც არაფერი შეცვლილა. პოლიტიკა არ იცვლება, კურსი ისევე თამაშობს, როგორც თამაშობდა, ფულის პრობლემა გადაუჭრელია და ეს კარგა ხანს გაყვება ქართულ ეკონომიკას. ფული არასაკმარისია, ამიტომ ყოველგვარი ლაპარაკი იმაზე, რომ ეკონომიკა სწარფად უნდა განვითარდეს, ვერ მოხდება. სცენარი, რომლის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა სწრაფად უნდა განვითარდეს, არ არსებობს. ეს პირველ რიგში ისეთ პროფესიულ საკითხებს უკავშირდება, როგორიც არის ეკონომიკის მონეტიზაცია, ფულის მასისა და ეკონომიკის მიმართება, საკუთარი წარმოება, საგადასახადო და საბიუჯეტო პოლიტიკა, ჯერჯერობით არაფერი შეკრული არ არის”, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

ეკონომიკის ექსპერტმა ლარზე ზემოქმედების ფაქტორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლარზე გავლენას ახდენს ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია.

”ხელისუფლების მაღალჩინოსნის ნებისმიერი განცხადება, რომელიც დღეს ერთს ლაპარაკობს და ორი დღის შემდეგ ეს განცხადება ტყუილია, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ლარზე. მაგრამ უშუალოდ ამ საკითხს - გამოიყოს თუ არა ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობა, არანაირი ზემოქმედება არ შეუძლია ლარზე. ხელისუფლების სისუსტეა, როდესაც მან ინსტიტუციები ვერ დაალაგა და ვერ აამოქმედა ისინი. რა, ჩვენი ეროვნული ბანკი დღეს მოქმედებს ისე, როგორც ცივილიზებული, პროგრესული, განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნის ეროვნული ბანკი? - არა, კვლავ ემსახურება იმ კლანურ სისტემას, რომელსაც ქართული ფინანსური კლანური სისტემა ჰქვია”, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება. შესაბამისი ინფორმაცია გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.