გიორგი გახარია „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომუნიკაცია ბიზნესთან ცოტა შენელდა, რის მიზეზადაც მინისტრმა არჩევნები, ახალი წელი, ახალი მთავრობის დაკომპლექტება დაასახელა.

„ძირითადი მესიჯი, რაც გავუგზავნეთ ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებს, რომ ეს ეტაპი დასრულებულია და ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურ, 24- საათიან რეჟიმში, როგორც მიჩვეულები არიან ისინი და ჩვენ, გავაგრძელოთ ეს კომუნიკაცია, რამეთუ გვესმის, რომ ბიზნესი არის ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო უნდა გახდეს ბიზნესზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების სამინისტრო, რამეთუ სამინისტროსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესის, ბიზნესგარემოს განვითარება, ისეთ სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა სავაჭრო ბალანსი და როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში.

„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი და წარმატებული უწოდა.

„ჩვენ საკმაოდ დიდი ტრადიცია გვაქვს გიორგი გახარიასთან შეხვედრების, წინა წლებში როგორც ბიზნესომბუდსმენის, ახლა უკვე პირველი შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის მინისტრის რანგში. საინტერესო თემები იყო წამოჭრილი, როგორც ჩვენი, ასევე მინისტრის მხრიდან. ერთ-ერთი თემა იყო საპენსიო რეფორმა, რომელშიც „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ აქტიურად ჩაერთვება. ასევე კაპიტალის ბაზრების რეფორმა. ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკის სამინისტრო ახალ დაპირებებს გააჟღერებს, რომელშიც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ საკითხებსაც, რაც ბიზნესს აწუხებს და ამ კონტექსტში მან გაჭიანურებული სასამართლო ბიზნესდავები დაასახელა.

„ჩვენ მინისტრს მოვუყვანეთ კონკრეტული ფაქტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ საგანგაშოა და პრობლემურია. მიგვაჩნია, რომ აქ სწორი რეაგირება მოხდეს. გვესმის, რომ ის რეფორმები, რაც სასამართლოში მიმდინარეობს, აუცილებელია, ამავდროულად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების ხარისხი და სისწრაფე. ეკონომიკის მინისტრს სასამართლო თემა შესაძლოა, პირდაპირ არ ეხება, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა ბიზნესთან და ამ შემთხვევაში ჩვენ მას გავუზიარეთ ყველა ის შეხედულება და პრობლემა, რომელიც ბიზნესს გაგვაჩნია“, - განაცხადა ჭირაქაძემ.