სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის პროექტი შეიმუშავა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის პროექტი შეიმუშავა , რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირებისთვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით სამოდელო ქცევის წესების დანერგვას.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან იუწყებიან, კოდექსის პროექტი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიმართულია იმისკენ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლებმა გაიაზრონ ის მაღალი პასუხისმგებლობა, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებით ხელი შეუწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების ეფექტურ რეალიზებას, მათ შორის, სახსრების რაციონალურ ხარჯვას, ჯანსაღ კონკურენციასა და გამჭვირვალობას.

”კოდექსის პროექტს ლაიტმოტივად გასდევს შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ მათი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულების მოვალეობა, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს სამართლიანი და ისინი დაეფუძნოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ფუძემდებლურ პრინციპს”, - აცხადებენ შესყიდვების სააგენტოში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კოდექსის პროექტი განათავსა ოფიციალურ ვებგვერდზე www.procurement.gov.ge და მოუწოდა ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, 10 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინონ შენიშვნები კოდექსის პროექტთან დაკავშირებით.