„რეზონანსი" - ლარის გამყარების ტემპი მოსალოდნელზე მაღალია

საქართველოს ეკონომიკური გუნდი ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულს ეძებს. ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე სასურველია, ეროვნული ვალუტა 2.30-2.40-ის ფარგლებში მერყეობდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს,  ისინი გამოსავალს ეძებენ იმისათვის, რომ კურსის მაღალმა ნიშნულმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ არ დაამძიმოს, ხოლო უმოკლეს დროში გამყარებულმა ვალუტამ კი ბაზარზე ფულის დეფიციტი არ გამოიწვიოს. სპეციალისტთა ნაწილი ამბობს, რომ ლარი ერთ თვეში კიდევ უფრო გამყარდება და შეიძლება 2.30-მდე ჩამოვიდეს, თუმცა შემდეგ კურსი ისევ მაღლა წავა.

ამ ეტაპზე საჭიროა, მთავრობამ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას შეუმსუბუქებს სოციალურ მდგომარეობას. ექსპერტები სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, გაზაფხულზე კურსი შესამჩნევად დასტაბილურდება, ხოლო ზაფხულში კვლავ გაუფასურების რისკის წინაშე აღმოვჩნდებით.

"რეზონანსთან" საუბრისას "პირადი ბანკირი" ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ ლარის კურსის ოპტიმალურ ნიშნულზე საუბრისათვის საჭიროა ჯერ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება 2.30-2.40-ს შორის მისაღები იქნება, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, ეს დადებითად არ ასახულა სამომხმარებლო კალათაზე და ფასები ჯერჯერობით ისევ უცვლელი რჩება.

"ეკონომიკური გუნდის მხრიდან კურსის ოპტიმალური ნიშნულის შერჩევა ასე ზედაპირულად არ ხდება და ამაზე ვერ ვისაუბრებთ კონკურენტული მაგალითების გარეშე. საჭიროა, ჯერ მთავრობა ჩამოყალიბდეს, რას ეძახის ოპტიმალურ ნიშნულს. ამის შემდეგ კი მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს პირველ რიგში, მოსახლეობას.

ლარის გაუფასურებაც და სწრაფი გამყარებაც, ორივე პრობლემაა. ამ ეტაპზე სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს დიდი გავლენა არ აქვს სამომხმარებლო ფასებზე. სამაგიეროდ, კურსის გამყარება დადებითად აისახება იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი აქვს უცხოურ ვალუტაში, ლარში კი, შემოსავალი. დღევანდელი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, იგი გადაიხდის რამდენიმე ათეული ლარით ნაკლებს კრედიტის მომსახურებისას, ვიდრე ადრე იხდიდა.

ვფიქრობ, რომ ლარის კურსის ყველაზე გონივრული ნიშნული არის 2.30-სა და 2.40-ს შორის. დღეს კურსის სტაბილიზაცია აშკარაა. დოლარმა დაიწყო ქვეყანაში შემოსვლა. ახლა იწყება ახალი ეტაპი. გაიზრდება როგორც ფულადი გადმორიცხვები, ასევე ინვესტიციების მოცულობა.

გაზაფხული ის დროა, როცა კაპიტალდაბანდებები მატულობს. შესაბამისად, ესეც თავისებურ ასახვას ჰპოვებს ეროვნულ ვალუტაზე. კურსი კიდევ გამყარდება და 2.30-ის ნიშნულს მოძებნის უახლოეს თვენახევარში, აპრილის 20 რიცხვამდე", - აღნიშნა ბერძენაძემ.

"გრინ კაპიტალის" აღმასრულებელი დირექტორი გივი კორინთელი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპტიმალური კურსის მიღებისათვის, საჭიროა შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა, რომელიც ოქროს ან საკმარისი სავალუტო რეზერვის სახით ექნება ქვეყანას.

"კურსის ოპტიმალური ნიშნული არის ის, რასაც ეკონომიკა პასუხობს მიმდინარე მომენტში. ეროვნულ ვალუტაში აისახება ეკონომიკური პროცესები, სავაჭრო სფეროს პოზიტიური ან ნეგატიური მოვლენები და ა. შ. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხში ჩარევა და რაიმე ციფრის დასახელება, რომ იმ ნიშნულზე უნდა იყოს კურსი, ყოველთვის სახიფათოა. ამას სჭირდება შესაბამისი ფუნდამენტური ბაზა ოქროს მარაგი ან საკმარისი სავალუტო რეზერვი.

ზუსტად უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში სამომავლოდ განსახორციელებელი ინვესტიციები და ფულადი ნაკადი მოგვცემს თუ არა საშუალებას, რომ ვისაუბროთ ოპტიმალურ გამოსავალზე. თუ ასეთი ატრიბუტები არ არსებობს, ყოველთვის რთულია კურსის სასურველი ნიშნულის არჩევა ან დერეფნის გაკეთება", - განუცხადა "რეზონანსს" კორინთელმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"