"ჩვენ გვექნება ”შტეფსელი” - თქვენ ”შტეფსელში” თითს წაითლით, შეაერთებთ და ინფორმაციას მაგით მოხსნით თუ გულთმისანს მოიყვანთ და ის წაიკითხავს, ეს ჩემთვის სულ ერთია"

მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გინდა დაიმორჩილო - მე კი მინდა, თავისუფალი ვიყო ბიზნესის კუთხით.

აღნიშნული პოზიცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომპანია ”მაგთიკომის” მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ ფარულ მოსმენა-მიყურადების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საკუთრივ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს და მათთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ეხება.

”ჩვენ უნდა გვქონდეს ”შტეფსელი”, მაგრამ ადაპტერის გარეშე! ადაპტერი თქვენი საქმეა. დიდ ბოდიშს ვიხდი, მე აქ ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ საკითხი ბიზნესკუთხით დაგანახოთ. ”შტეფსელი” უნდა იყოს და უნდა გითხრათ, რომ აი, აქ არის ”შტეფსელი”. თქვენ ”შტეფსელში” თითს წაითლით, შეაერთებთ და ინფორმაციას მაგით მოხსნით თუ გულთმისანს მოიყვანთ და ის წაიკითხავს, ეს ჩემთვის სულ ერთია. რა აპარატურაც გინდათ მიაერთეთ, მოხსენით ნებისმიერი ინფორმაცია - ”შტეფსელი” იქნება, ადაპტერი არ ექნება!”, - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ კომიტეტის სხდომაზე.

”მაგთიკომის” მფლობელმა დეპუტატებს მიმართა, რომ ”ბიზნესი ქმნის ბიუჯეტს, ხოლო დანარჩენი ბიზნესის საქმე აღარ არის”.

”ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, მაგრამ არ გვაქვს ისეთი სიძლიერის ჯარი, რომ იარაღის ჟღარუნით დავიბრუნოთ და სოჭიც მოვაყოლოთ, როგორც იყო 1918 წლამდე. ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ”ვასტოპებთ” და ვართ იქ, სადაც ვართ - ასე მორჩილად. ახლა თქვენ თუ არ შეგიძლიათ ამდენის კონტროლი, მაშინ უნდა დაასტოპოთ იქ, სადაც შეგიძლიათ! ბიზნესს აქვს ვალდებულება, გადაიხადოს დღგ და სხვა, ჩვენ ვემსახურებით 112-ს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩვენ ორ აქციზს ვიხდით, რასაც არ უნდა ვიხდიდეთ. დამთავრებული არ იყო ლიცენზიების ვადა და თავიდან გადავიხადეთ, რაზეც ხმა არ ამოგვიღია - უჭირს ქვეყანას, რაღაც და რაღაც. მაგრამ ამ ვალდებულებებს?! - უკვე გვეყო რა! ჩვენ არ შევიხოცავთ არანაირ თქვენს აპარატურას. მოვა ერთი - ლობიანი ხაჭაპური ევასება, მეორეს - ხაჭაპური ევასება, მესამეს - რაღაცა... გზაში ვინ რას მოიგონებს, ჩვენ არ ვიცით! ეს ჩემი საქმე არ არის. გადავიხადე ბიუჯეტში? - იქ „დავასტოპე“ და მორჩა! ყველაფერს კომპანიები, რომლებიც კარგად მუშაობენ, თავის თავზე ვერ აიღებენ!”, - განაცხადა გია ჯოხთაბერიძემ და აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”არც ერთ ხარჯს, არც ერთ თეთრს, იმის გარდა, რაც კომუნიკაციის წარმოებას ეხება, არ გასწევს”.

საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტი საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.